კაილი უოქერი „ინტერის” მთავარი სატრანსფერო მიზანი ყოფილა. „მანჩესტერ სიტის” 30 წლის მცველი, იძულებითი უქმობის თვეებში, კარანტინის დარღვევის გამო, ოთხჯერ მოექცა მას-მედიის ყურადღების ცენტრში. ახლა კი როგორც იქნა პროფესიითაც მიიპყრო ყურადღება.

გასულ ოთხშაბათს, უოქერმა ეგრეთწოდებული რესტარტის პირველ შეხვედრაში ითამაშა, სადაც მან და მისმა თანაგუნდელებმა „არსენალს” შთამბეჭდავად აჯობეს 3:0.

„სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის მარჯვენა მცველს დისციპლინის დარღვევაზე ელაპარაკა და მისი ახსნა-განმარტებებიც მოისმინა. ფეხბურთელმა ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ჩადენილის გამო სინანული გამოთქვა, მაგრამ როგორც ჩანს ინგლისში წესების დარღვევისთვის წაყრუება და ყასიდად ნათქვამი ბოდიშების დაჯერება არ უყვართ, ამიტომ ამბობენ, რომ „ქალაქელებს” დარღვევათა პირველი ეპიზოდი ჯერ კიდევ გამოსაკვლევი აქვთო.

მეორე მხრივ კი, „სიტი” უოქერის გაყიდვას არ ჩქარობს. ფეხბურთელი, რომელიც მათთან 2017 წელს „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მივიდა და ორჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, „ეტიჰედიდან” გასაშვებად არ ემეტებათ.

არის ერთი მომენტიც: თუ მაინცდამაინც მარჯვენა მცველის გაყიდვაზეა საქმე, „სიტი” უმალ 26 წლის პორტუგალიელ ჟოაო კანსელოს გაჰყიდის, ვიდრე უოქრს. ასე რომ, ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, გვარდიოლა ჯერ კანსელოს შეძენის მსურველებს დაელაპარაკება და მერე გადაწყვეტს რა გააკეთოს.

კანსელო „სიტის” 60 მილიონ გირვანქად ჰყავს ნაყიდი. ჩანაფიქრი ის იყო, რომ მას უოქერისთვის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია უნდა გაემართა, მაგრამ ვაგლახ, პორტუგალიელმა ეს ვერ შეძლო.

უოქერს „სიტიმ”, შარშან, 2024 წლამდე გაუფორმა ახალი ხელშეკრულება.

დღეს „ეტიჰედზე” ასეთი სურათია: „ინტერს” უოქერის შეძენა უნდა და ფულს იხდის, „სიტის” კი უოქერისთვის კარგი კონკურენტის ყიდვა აქვს განზრახული, რათა ინგლისელმა დაცვის მარჯვენა ფრთაზე თავი არხეინად არ იგრძნოს.

მოგეხსენებათ, „ინტერმა” ბოლო ერთ წელიწადში ინგლისიდან ფეხბურთელების გადაბირების კარგი გამოცდილება შეიძინა. „ნეროაძურიმ” იყიდა ეშლი იანგი, კრისტიან ერიკსენი და რომელუ ლუკაკუ.