მესი გაცეცხლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან მეტოქე დიეგო კარლოსს ხელი ჰკრა. ის, რასაკვირველია წაიქცა და ეს ყველაფერი მოხდა „ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში, რომელიც 0:0 დამთავრდა.  ახლა, ლა ლიგის ცხრილში „ბარსას” 30 შეხვედრიდან 65 ქულა აქვს, ხოლო „რეალს” 29 შეხვედრიდან 62. განსხვავება სულ სამი ქულაა. მადრიდელები ხვალ, შუაღამისას, სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” ეთამაშებიან…

„ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული”, — თქვა ჟერარდ პიკემ უმაყურებლო „სანჩეს პისხუანზე” შეხვედრის დასრულების შემდეგ. კატალონიური გამოცემა „სპორტი” კი განმარტავს, რომ თუკი „რეალი” დარჩენილ ცხრავე შეხვედრას მოიგებს, ის ჩემპიონი გახდება. მიზეზი: პირად შეხვედრებში უპირატესობა მადრიდელებისაა.

რატომ ჰკრა მესიმ „სევილიაში” მოთამაშე ბრაზილიელს ხელი? უხეშობის საპასუხოდ. კარლოსი კი იმის იმედად, რომ მსაჯს ლეოსთვის წითელ ბარათს გამოსტყუებდა, წაიქცა. ამას მოჰყვა ვნებათაღელვა, გაწევ-გამოწევა, აქეთ პიკესა და იქით ფერნანდოს ყვითელი ბარათები.

მატჩის შემდეგ „მარკამ” ექსპერტ-მსაჯს ანდუხარ ოლივერს ჰკითხა, ეკუთვნნოდა თუ არა ხელის კვრისთვის რაიმე სასჯელი თავად მესის. ოლევერმა უპასუხა:

„მაქსიმუმ ყვითელი. მესის კარლოსისთვის ხელი არ უნდა ეკრა, მაგრამ კარლოსსაც არ უნდა გაეფორმებინა”.

ზემოხსენებული „სპორტი” კი წერს, რომ ამ შეხვედრაში „ბარსელონას” საუკეთესო მომენტი შეხვედრის მიწურულს ჰქონდა. ასეთი პოზიციიდან ლუის სუარესს ბევრჯერ გაუტანია და „ბარსასთვის” საჭირო ქულები მოუტანია, მაგრამ ამჟამად ურუგვაელს ხელი მოეცარა და ხარიხას გადააცილა.

კატალონიელი ჟურნალისტების აზრით, ნაოპერაციები სუარესის თამაში ამ დღეს საერთოდაც მოულოდნელობა იყო და მით უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ კიკე სეტიენმა ფორვარდი მოედანზე ბოლომდე დატოვა. თუმცა, მწვრთნელსაც სხვა რა არჩევანი ჰქონდაო, წერენ ზოგიერთები.