ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა. ეს შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს, რადგან ოლე გუნარ სულშერის გუნდი პრემიერლიგის ოთხეულში აპირებს მოხვედრას. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი პოლ პოგბამ მოიპოვა, მაგრამ დარტყმის უფლება ფერნანდეშს დაუთმო. მოედანზე იყო „იუნაიტედის” კიდევ ერთი პენალტისტი მარკუს რეშფორდიც.

პოგბამ და ფერნანდეშმა ერთად 27 წუთი დაჰყვეს მოედანზე და ეს გახლდათ ერთგვარი თვალის შევლება სულშერის მომავალი „იუნაიტედისთვის”.

ფერნანდეშს ამ დღეს კიდევ ერთი პენალტის დარტყმის იმედი ჰქონდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაწყვიტა, რომ იმ ეპიზოდში, როდესაც ის ერიკ დაიერმა თითქოსდა წააქცია, წესი არ დარღვეულა.

ფაქტია: ფერნანდეშს „მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჯერ არ წაუგია.

პორტუგალიელმა „სქაი სპორტის” კორესპონდენტს უთხრა:

„ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით. ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი. მე სულ პოლ პოგბასთან ერთად მიწევდა ყოფნა. ამიტომაც გაგვიადვილდა თამაშის დროს საერთო ენის გამონახვა.

რაც „იუნაიტედში” გადმოვედი, ყველას კარგად შევეწყვე, უმთავრესი კი სწორედ გუნდურობაა. ძალიან მიხარია, რომ პოლიც ასე ფიქრობს. მთავარია მოვიგოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს, ვინ შეასრულებს საგოლე პასს და ასე შემდეგ”.

„ტოტენჰემთან” ფრემ „იუნაიტედს” გული დასწყვიტა. შესანიშნავად ითამაშა „სფურზის” მეკარე უგო ლორისმა.

მანჩესტერელთა ეს ფრე მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ჩელსის” აძლევს დამატებით სტიმულს. ბირმინგემში, „ასტონ ვილასთან” საკვირაო შეხვედრის წინ, დასავლეთლონდონელები „იუნაიტედს” ორი ქულით უსწრებენ და შეუძლიათ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდონ.

ფერნანდეში: „ვფიქრობ, „სფურზთან” კარგად ვითამაშეთ. გეგმის შესაბამისად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქემ კონტრშეტევით გაგვიტანა. ამის მიუხედავად ჩვენ კიდევ შევქმენით საგოლე მომენტები. მეორე გოლის შეგდებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და ეს ძალიან ცუდია, რადგან მოგებას ვგეგმავდით”.