„სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეჭვით ილაპარაკა.
„აქ, ინგლისში, დიდი მითქმა-მოთქმაა იმაზე, თუ ვინ გადავა „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ჩელსიში” და სხვაგან. ჩვენთან, „ლივერპულში”, სრული სიწყნარეა. ეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას. იმისათვის, რომ ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, საჭიროა აღდგეს ნორმალური ბიზნეს-გარემო. დღეს არ ვიცით, როდის დაბრუნდება მაყურებელი სტადიონზე და ამიტომ, რაიმეზე ლაპარაკი რთულია. ჯერჯერობით ყველა კლუბი წაგებაზეა”, — ბრძანა გერმანელმა.
ამის მიუხედავად, ესპანური გაზეთი AS წერს, რომ კლოპი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. საიდან უნდა მოიტანოს „ლივერპულმა” ახალი ფეხბურთელების საყიდელი ფული? სავარაუდოდ, რამდენიმე მოთამაშე უნდა გაყიდოს. AS ვარაუდობს, რომ კლოპი ექვს კაცს შეელევა. მათ შორის იქნებიან ორი ყოფილი ბუნდესლიგელი და მარკო გრუჯიჩი, რომელიც მართალია, მერსისაიდელებს ეკუთვნით, მაგრამ „ჰერტაშია” იჯარით გაშვებული და იქ თამაშობს.
ზემოთ ნახსენები ყოფილი ბუნდესლიგელები გახლავან შვეიცარიელი შერდან შაქირი, რომელსაც „ლივერპულთან” 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი, და ბელგიელი დივოკ ორიჯი (2024-მდე). ხორვატ დეიან ლოვერნს „ენფილდთან” ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. ინგლისელი ადამ ლალანას კონტრაქტი ამ დღეებში იწურება, ჰარი უილსონი კი (2023-მდე) იჯარით „ბორნმუთშია” გაშვებული.
და ვის მიიყვანს კლოპი „ენფილდზე”? ამბობენ, რომ საყიდლების სიაში „ვულვერჰემპტონის” ორი მოთამაშე წერია: 23 წლის პორტუგალიელი რუბენ ნევეში და 24 წლის ესპანელი ადამა ტრაორე.