ოლე გუნარ სულშერი პოლ პოგბას სთხოვს „მანჩესტერ იუნაიტედშიც” ისეთივე ლიდერის თვისებები გამომაჟღავნოს, როგორსაც საფრანგეთის ნაკრებში ავლენს ხოლმე.
2018 წელს, როდესაც „ლურჯებმა” მსოფლიო თასი აღმართეს, ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, მაგრამ კლუბში იმავე თვისებებს ვერ ავლენს.
დღეს „იუნაიტედი” ლონდონში, „ტოტენჰემს” ხვდება. ამით ამ ორი კლუბისთვის პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი გაგრძელდება. მატჩის წინ სულშერმა თქვა:
„პოლი მსოფლიოს ჩემპიონია და მინდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედშიც” მსოფლიოს ჩემპიონის საკადრისი ფეხბურთი ითამაშოს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოედანზე გამოჩნდება”.
27 წლის ფრანგი კოჭის ტკივილის შემდეგ, როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და საფეხბურთო ორომტრიალისთვის მზად არის. სულშერი იმედოვნებს, რომ მანჩესტერელი ფანები ბოლოს და ბოლოს ნახავენ იმ თამაშს, რომელსაც 2016 წლის შემდეგ ვერ ეღირსნენ — 2016-ში პოგბა „იუვენტუსიდან” „იუნაიტედში” დაბრუნდა. მასში ინგლისურმა კლუბმა იტალიურს 89 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
სულშერი: „რასაკვირველია, პოლი ამ სეზონში ტრავმებმა გააწამა, მაგრამ მე მის მენტალიტეტსა და მონდომებას ვარჯიშზე ყოველდღე ვაკვირდები. ვფიქრობ, ის მზად არის დაამტკიცოს, რომ ძველებურად მაღალი დონის ფეხბურთელია. პოგბასგან იმავეს ვითხოვ, რასაც სხვებისგან — მინდა, რომ მოედანზე თავი დადონ”.
თუმცა, თავისებური ხასიათის ფრანგი, რომელიც ამ დღეებში პოლიციამ თავისი „როლს როისის” უცხოური ნომრებით ტარების გამო დააჯარიმა, შესაძლოა მწვრთნელის გამამხნევებელი სიტყვების მიუხედავად, დღეს „სფურზის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერც მოხვდეს. სანამ პანდემია პრემიერლიგას შეწყვეტდა, ნახევარდაცვაში სკოტ მაკტომინეიც შესანიშნავად თამაშობდა, ნემანია მატიჩიც და ბრუნო ფერნანდეშიც.
ისევ სულშერი: „მე საინტერესო და ძნელი ამოცანის წინაშე ვდგავარ. ჩემი საქმე სწორი შემადგენლობის შერჩევაა. ნემანია, სკოტი, ფრედი… ისინი შესანიშნავად ათამაშდნენ. ბრუნოც ეფექტურად შემოგვიერთდა. ასე რომ, პოლს შეუძლია მხოლოდ დაგვეხმაროს. მას აქვს გარკვეული თვისებები, რომლებიც სხვებს არ აქვთ”.