მარკო ასენსიო გამოჯანმრთელდა

„რეალმა” „ვალენსიას” 3:0 მოუგო. შოუს გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ. ამრიგად, 29 ტურის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი „ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება.

დასაწყისი მადრიდელთათვის სანერვიულო გამოდგა. 22-ე წუთზე, ვალენსიელმა როდრიგომ „თეთრებს” გოლი გაუტანა. სტუმრებმა ზეიმი გააჩაღეს, მსაჯი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი კი მონიტორთან მივიდა და ეპიზოდი განმეორებით ნახა. დადგინდა, რომ გომესი თამაშს გარეთ იდგა და გოლი გაუქმდა. ამ ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს, ქვემოთ გთავაზობთ.

„რეალმა” შვებით ამოისუნთქა. პირველი ტაიმი დასრულდა 0:0.

ვერ გეტყვით, რა უთხრა ზიდანმა ფეხბურთელებს შესვენებისას, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ტაიმში „რეალი” ფრთაშესხმული დაბრუნდა მოედანზე.

61-ე წუთზე, ედენ აზარის კარგი თამაშის შემდეგ ბენზემამ ანგარიში გახსნა. 13 წუთის შემდეგ მარკო ასენსიომ „ვალენსიას” კარში რთული, ეფექტური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა — მოგეხსენებათ, ასენსიო გასულ ზაფხულში „არსენალთან” ამხანაგური თამაშის დროს დაშავდა, მყესები გაიწყვიტა და თვეების მანძილზე სამკურნალო შეიქნა. 86-ე წუთზე კი ისევ ბენზემამ გამოიჩინა თავი — ამ ეპიზოდში ფრანგმაც დახვეწილი ტექნიკა აჩვენა.

ეს გახლდათ ფრანგი თავდამსხმელის 243-ე გოლი „რეალის” მაისურით, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს გადაასწრო და კლუბის ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით მეხუთე გახდა.

აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი ბენზემამ ახალმოშუშებული ასენსიოსგან მიიღო, რომელსაც ეფექტური დაბრუნება გამოუვიდა.

89-ე წუთზე კი სერხიო რამოსთან ბურთისთვის ბრძოლის დროს ფეხის მეტისმეტი გამწარებით მოქნევისთვის მოედნიდან 19 წლის კორეელი ნახევარმცველი ლი კანგ ინი გააძევეს.

ყოჩაღ, ლი. ეტყობა, ნამდვილი მეომარია! ჩვეულებრივ, რამოსს აძევებენ ხოლმე…