ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი.

ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან, მაგრამ „სიტიმ” შეხვედრის პირველივე წუთიდან დაიწყო კომბინაციების ქარგვა და აშკარა გახდა, რომ „არსენალს” მისთვის წინააღმდეგობის გაწვის შანსი არ ჰქონდა.

სტერლინგმა 2020 წელს თავისი პირველი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, რაშიც დავიდ ლუისის უხეშმა შეცდომამ შეუწყო ხელი. სხვათა შორის, ლუისი მოგვიანებით მოედნიდან გააძევეს.

საინტერესო სტატისტიკაა: სტერლინგი გახდა 1947 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის ჩემპიონატში ივნისის თვეში გაიტანა გოლი.

შემდეგ, კევინ დე ბრუინმა პენალტით ორამდე გაზარდა ანგარიში და პეპ გვარდიოლას უპირატესობას მის ყოფილ ასისტენტ მიკელ არტეტასთან შედარებით, ფაქტობრივად აქ დაესვა ძახილის ნიშანი.

ლუისიც სწორედ ამ პენალტის გამო გააძევეს: „არსენალის” საჯარიმოში რიად მაჰრეზი შევარდა, ლუისი კი კისერში სწვდა და წააქცია.

თამაშს ერიკ გარსიას შემაძრწუნებელი ტრავმის გამო 11 წუთი დაემატა, მაგრამ „ქალაქელები” ამ დღეს უპირატესობის ხელიდან გაშვებას არანაირი მიზეზით არ აპირებდნენ.

სერხიო აგუეროს, რომელიც ამ დღეს შეცვლაზე შევიდა, ტრადიცია აქვს — „არსენალის” კარში გოლი გააქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად მისი დარტყმული მეკარე ბერნარდ ლენომ არ გაუშვა. ბურთი ძელს მოხვდა, ოღონდ ეგაა, ფილ ფოდენთან გადახტა, რომელმაც წარმატებით დაამატა.

ამგვარად, მართლია, მთელი რიგი მიზეზების გამო ოთხშაბათ საღამოს განწყობა ადრინდელისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემპიონმა, მაინც გააკეთა თავისი ჩვეული საქმე — „არსენალს” მოუგო.

მშობლიურ „ეტიჰედზე” „მანჩესტერ სიტიმ” ბოლოს ოთხი თვის წინ, „ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ითამაშა. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ერთადერთი, რაც კორონავირუსის პანდემიას არ უფრთხის, მანჩესტერული ამინდი ყოფილა — გუნდებმა ელჭექიც ნახეს და თქეშიც.

ეს უფრო თამაშის დასაწყისში იყო, როდესაც მეტოქეებმა ჯერ წუთიერი დუმილით სცეს პატივი covid 19-ის მსხვერპლთ, შემდეგ კი ცალ მუხლზე დაიჩოქეს რათა შეერთებოდნენ პროტესტს Black Lives Matter.

თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე კი პეპ გვარდიოლამ გამოთქვა შიში, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად მზად მაინც არ იყვნენ და შესაძლოა უცებ თავს დატეხილი დატვირთვის გამო დაშავებულიყვნენ. მართალი აღმოჩნდა „სიტის” მწვრთნელი, თუმცა ისიც ვერ მოიფიქრებდა, რომ არსენალელი გრანიტ ჯაკა მე-8 წუთზევე შესაცვლელი გახდებოდა. მას კოჭი გაუმიზეზდა.