რომის „სტადიო ოლიმპიკოზე” იტალიის თასის ფინალში „ნაპოლიმ” „იუვენტუსს” პენალტების სერიით აჯობა. ძირითადი დრო დასრულდა 0:0. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა არცთუ მრავლად. ქების ღირსი იყვნენ მეკარეები, 23 წლის ნეაპოლელი ალექს მერეტი და 42 წლის ტურინელი ლეგენდა, უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი.

სიახლე გახლდათ თავად თამაშის ფორმატში: ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ დამატებითი 30 წუთი არ დანიშნულა, გუნდებმა პირდაპირ პენალტები დაარტყეს.

ეს გახლდათ „ნაპოლის” ისტორიაში მეექვსე „კოპა იტალია”. ამ მაჩვენებლით ნეაპოლელები „ფიორენტინას” დაეწიენ. ხუთ-ხუთით უკან დარჩნენ „მილანი” და „ტორინო”.

რაც შეეხება ფინალში პენალტების სერიას, ასეთი რამ იტალიაში 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა — 11 წლის წინ „ლაციომ” „სამპდორიას” მოუგო.

მარცხის მიუხედავად, შეჯიბრების ყველაზე წარმატებულ კლუბად დარჩა „იუვენტუსი”, რომელიც იტალიის თასის ცამეტგზის მფლობელია. შემდეგ მოდიან ცხრაგზის მფლობელი „რომა” და შვიდგზის გამარჯვებულები — „ინტერი” და „ლაციო”.

ცნობისთვის: „იუვე” იტალიის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში მეექვსედ დამარცხდა, ხოლო „ნაპოლი” სულ ათჯერ იყო ფინალში.