რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა გაიხსენა, თუ რა ახლოს იყო პოლონელი ფორვარდი „რეალში” გადასვლასთან.

ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გოლების მანქანადაა ცნობილი და რაა გასაკვირი, რომ მადრიდიდან მას სულ უტრიალებდნენ, გადაბირება სურდათ. პირველად „სანტიაგო ბერნაბეუზე” პოლონელით 2013 წელს დაინტერესდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის მერე. მაშინ ფორვარდი „დორტმუნდში” თამაშობდა და „რეალს” ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი გაუტანა. თამაში დასრულდა 4:1.

საპასუხო შეხვედრა „რეალმა” 2:0 მოიგო. „დორტმუნდი” ფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნთან” დამარცხდა. სწორედ მაშინ გადასწონა „ბაიერნმა” „რეალი”.

ლევანდოვსკის აგენტი ცეზარი კუხარსკი: „ეკონომიკური თვალსაზრისით „რეალი” უფრო ძლიერი კლუბი იყო, მაგრამ იქ რობერტი მთავარი თავდამსხმელი ვერ იქნებოდა. ახლა უკვე ცხადია, რომ მადრიდში ქარიმ ბენზემას შემცვლელად გადასვლა ნამდვილად ცუდი ნაბიჯი იქნებოდა.

თუმცა მაშინ, „ბაიერნთან” უკვე ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, როდესაც ის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლევანდოვსკიმ ოთხი გოლი შეაგდო და მეც დავეჭვდი. მიუნხენელებთან კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ორი კვირით ადრე გამოვაცხადე, რომ გადავიფიქრე და რობერტი „რეალში” გადამყავდა.

ამის გაგონებაზე „ბაიერნში” გაბრაზდნენ. იცოცხლეთ, უსიამოვნო სიტყვების მოსმენა მომიხდა, მაგრამ ვითარება ული ჰიონესმა განმუხტა. მან თავისი კლუბის დირექტორთა საბჭო დაამშვიდა და კონტრაქტს 25 მილიონი ევრო დაამატა”.