ოლე გუნარ სულშერმა ქერინგტონში, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე, 20 კვადრატულ მეტრიანი მონიტორი დააყენებინა. ასე ემზადება ნორვეგიელი მწვრთნელი 19 ივნისს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” სათამაშოდ. შეხვედრა ლონდონში გაიმართება. „სფურზის” თავკაცი, მოგეხსენებათ, არც მეტი-არც ნაკლები „იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიუა.

ეკრანი, რომელიც ქერინგტონის ბაზაზე დააყენეს, ყველანაირ ამინდს უძლებს. ის ტაქტიკის გაკვეთილებისთვის სჭირდებათ. „იუნაიტედის” ბევრი თანამშრომელი მისმა ზომამ გააკვირვა.

ერთ-ერთმა, რომელიც მონიტორის დამონტაჟების პროცესს დაესწრო, თქვა, რომ სპეციალისტები მის აღმართვას მთელი შაბათ-კვირა მოუნდნენ. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ვეებერთელა ეკრანი ბევრი პატარა ეკრანებისგან შედგებოდაო.

საინტერესოა, რომ სულშერს მოედნის კიდესთან ვეებერთელა ეკრანის დადგმა კორონავირუსმა უკარნახა. პანდემიის პერიოდში ხომ ბევრი მოწყობილობა, რაც ადრე დახურულ სივრცეებში გამოიყენებოდა, გამოუსადეგარი გახდა. ოთახში სოციალურ დისტანციას ძნელად თუ დაიცავ, პირბადით ტაქტიკის ახსნა კი მოუხერხებელია. ამიტომ, მეცადინეობების ღია სივრცეში ჩასატარებლად „იუნაიტედის” მწვრთნელმა ორიგინალურ ხერხს მიმართა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველად ახალ მონიტორს მანჩესტერელები „ტოტენჰემთან” თამაშის წინ გამოიყენებენ. მიმდინარე სეზონში ეს იქნება „იუნაიტედისა” და „სფურზის” მეორე შეხვედრა. პირველი, დეკემბერში გაიმართა და სულშერის გუნდმა 2:1 მოიგო.

საინტერესოა, რომ ბაზაზე დიდი ზომის მონიტორი კლუბის შეფებს სულშერამდე ჩემპიონშიპში მეშვიდე პოზიციაზე მყოფი გუნდის „ბრისტოლ სიტის” მწვრთნელმა ლი ჯონსონმა დააყენებინა.