„დორტმუნდის” ინგლისელი ყმაწვილი ჯეიდონ სანჩო თურმე მზად არის პეპ გვარდიოლას წყენა დაუვიწყოს და სამშობლოში დაბრუნდეს, რადგან ეშინია, რომ უცხოეთში გადახვეწილი, ინგლისში ყველას მიავიწყდება.

ამრიგად, 20 წლის ფეხბურთელს ზაფხულზე ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში სურს გადასვლა.

მოგეხსენებათ, რომ აქამდე ბევრს ლაპარაკობდენ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგებაზე, მაგრამ ტრანსფერს წინააღმდეგობა შეხვდა და სანჩოს მეგობრებისთვის უთქვამს, იქნებ „სიტიში” მაინც დავბრუნდეო.

„დორტმუნდის” მიერ 115 მილიონ გირვანქად შეფასებულ ახალგაზრდას „იუნაიტედის” გარდა „ლივერპული” და „ჩელსიც” ეპატიჟებოდნენ.

თუმცა, სანჩოს შესაძენად რიგში პირველი მაინც „მანჩესტერ იუნაიტედია”. ერთი ეგაა, თანხა, რომელსაც გერმანული კლუბი ითხოვს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო იოლი გადასახდელი აღარ არის.

რამდენიმე დღის წინ „დორტმუნდმა” განაცხადა, რომ ინგლისელს, როგორც ჩანს, კიდევ ერთი სეზონით დაიტოვებს, ხოლო მიყიდვით ყველაზე სარფიან მყიდველს მიჰყიდის.

სანჩომ, გასულ უქმეებზე, დიუსელდორფის „ფორტუნასთან” შეხვედრაში (1:0) ითამაშა, მანამდე კი სკანდალი ჰქონდა: სწორედ დიუსელდორფს გაემგზავრა, იქაურ მოდურ დალაქთან თმის შესაჭრელად, სადაც პირბადე არ გაიკეთა, ფოტოებიც გადაიღო და სოცქსელებშიც დაპოსტა. კარანტინის წესების დარღვევისთვის სანჩო დააჯარიმეს.

გასულ კვირაში „შპორტ ბილდმა” სანჩოს სხვა თავნებობებიც გაიხსენა. მაგალითად, ერთხელ ჩაეძინა და ვარჯიში გააცდინა, მეორედ კი ნებართვის გარეშე გაემგზავრა ინგლისს.

ასეთი ხასიათის კაცისგან არც ის იყო გასაკვირი 2017 წელს „მანჩესტერ სიტიდან” გაბუტული რომ წავიდა. ეს ასე მოხდა: ზაფხული იდგა, როდესაც „სიტიმ” თავისი აკადემიის მოთამაშეს კვირაში არნახული თანხა, 30 000 გირვანქა და პროფესიული კონტრაქტი შესთავაზა. სანჩო დიდ გუნდს სეზონისწინა ტურზე აშშ-შიც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო გვარდიოლამ ყმაწვილი ამერიკაში არ წაიყვანა და არც ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მისცა.

ინგლისში დარჩენილმა სანჩომ ვარჯიშებზე სიარული აღარ ინება, რამაც „სიტიში” მისი ყოფნა შეუძლებელი გახადა. მაშინ, ფეხბურთელი დაახლოებით 8 მილიონ გირვანქად „დორტმუნდმა” შეიძინა, თუმცა, „სიტიმ” შემდგომი გაყიდვის შემთვევაში მისი დაბრუნების უპირატესობა მაინც დაიტოვა.

„ქალაქელები” ჯერჯერობით ამ უპირატესობის გამოყენებას არ აპირებენ. მათ სანჩო, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, მაგრამ, თუკი კლუბს ევროპულ დისკვალიფიკაციას მოუხსნიან, ხოლო გერმანელი ლეროი სანე „ბაიერნში” გაექცევათ, მაშინ კი დასჭირდებათ გარემარბი და ვინ იცის სანეს გამო „დორტმუნდსაც” მიაკითხონ.

თუმცა, „სიტის” ყოფილი ფეხბურთელი, ასევე გერმანელი დიტმარ ჰამანი ვარაუდობს, რომ სანჩო უმალ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, ვიდრე „სიტიში”.

„სანჩო იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ მისი კიდევ ერთი წლით „დორტმუნდში” დატოვება ცოდოა. ვფიქრობ, ის პრემიერლიგაში გადავა. სავარაუდოდ, „ოლდ ტრეფორდზე”.