ანტონიო კონტემ თქვა, რომ იტალიის თასის ორი ნახევარფინალური შეხვედრის ჯამში მისი „ინტერი” „ნაპოლიზე” მეტად იმსახურებდა ფინალში გასვლას. კონტეს აზრით უპირატესობას „ნეროაძური” ფლობდა, მეტოქემ კი წარმატებას მეკარის წყალობით მიაღწია.

პირველი შეხვედრა „სან სიროზე” ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს.

საპასუხო მატჩი „ინტერისთვის” კარგად დაიწყო. მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კრისტიან ერიკსენმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო (იხილეთ ვიდეო) და ჯამური ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 41-ე წუთზე დრის მერტენსმა მასპინძელთა კლასიკური კონტრშეტევა გოლით დაასრულა, რის შედეგადაც საერთო ანგარიში კვლავ სამხრეთელთა სასარგებლო გახდა. ფინალში „ნაპოლი” გავიდა.

კონტე: „მწამს, რომ ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით. მოთამაშეებს ვერაფერს ვუსაყვედურებ. მინდოდა მათგან აგრესიული ფეხბურთი მენახა. მენახა, როგორ ცდილობენ ისინი მოედანზე ბატონ-პატრონობას და მათ სწორედ ეს გააკეთეს.

ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ალბათ, კარგი იქნებოდა საბოლოო დარტყმა უფრო ზუსტი რომ გვქონოდა, მაგრამ დავიდ ოსპინამ საოცრად ითამაშა.

რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ვიტყვი, რომ გულუბრყვილო შეცდომა მოგვივიდა, რაც ძალიან სამწუხარო იყო. ჩვენ შეგვეძლო ის თავიდან აგვერიდებინა. კონცენტრაციის პრობლემა იყო, ამ დონეზე კი ყოველ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ზოგადად „ნაპოლის” დონის მეტოქეების დასამარცხებლას სწორედ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს ვითამაშეთ.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ჭიქა სანახევროდ სავსეა”.

17 ივნისს, ფინალში, „ნაპოლი” „იუვენტუსს” შეხვდება.