„მალიორკამ” „ბარსელონას” უმასპინძლა, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ვიღაც გულშემატკივარი კი მოედანზე შევარდა და მესისთან სელფის გადაღება სცადა…

როდესაც ფანმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, ტელეკამერამ კადრი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გადაიტანა, რადგან ასეთი მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ხალხმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო — წესითა და რიგით იქ ხომ უცხო პირი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.

დაცვამ, მოედანზე შეჭრილი ადამიანი მოულოდნელობისგან დაბნეულის კვალობაზე მალე დაიჭირა და უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. შეპარულს ეცვა არგენტინის ნაკრების მაისურა და როგორც მოგახსენეთ მესისთან სელფის გადაღება უნდოდა.

მესი კი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კარგ ფორმაში იყო. მან ორი საგოლე პასი შეასრულა და ერთი გოლი თავად გაიტანა.

სტუმრების ოთხი გოლიდან ერთადერთი, რომელშიც არგენტინელს მონაწილეობა არ მოუღია, პირველი იყო. ის მე-2 წუთზე არტურო ვიდალმა ჟორდი ალბას პასით შეაგდო.

ამრიგად, ლა ლიგის ლიდერმა ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.

მდევარი, „რეალი” დღეს მასპინძლობს „ეიბარს”. შეხვედრა საქართველოს დროით 21:30-ზე დაიწყება.