„ბარსელონას” დღეს აქვს ლა ლიგის აღდგენილი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა. ესპანეთის ჩემპიონი მალიორკაზე თამაშობს. შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას დაიწყება, ასე რომ ფორმალურად ჩვენთვის ის ხვალაა.
ამ მატჩისთვის მზადების დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: 26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნესლონ სემედომ სადღაც, ისეთ ადგილზე ამოჰყო თავი, სადაც ოცზე მეტი ადამიანი იყო ერთად შეკრებილი. ეს კი განა მხოლოდ კლუბ „ბარსელონას” ან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესებით, არამედ კატალონიის რეგიონში მთლიანად არის აკრძალული. ეს შეზღუდვათა მოხსნის მეორე ეტაპის შემადგენელი ნაწილია.
ზემოხსენებულის გამო სემედუმ ხუთშაბათის ვარჯიში გააცდინა. მას ტესტი აუღეს, რომელმაც დაადგინა, რომ პორტუგალიელს covid 19 არ სჭირს.
„ბარსას” მწვრთნელი კიკე სეტიენი: „ჯერ არ გადამიწყვეტია ვათამაშებ თუ არა სემედოს „მალიორკას” წინააღმდეგ. ყველა ვარიანტში, ჩემს გადაწყვეტილებსა მის მიერ პროტოკოლის დარღვევასთან კავშირი არ ექნება. ის რაც მოხდა ჩემზე გავლენას არ მოხდენს.
სემედო ძალიან შეწუხებულია. ის საქმის კურსში არ ყოფილა. რასაკვირველია შეცდა, რაც მან გააკეთა არასწორი საქციელი იყო, მაგრამ ბოდიში მომიხადა. ეს შეცდომა იყო და მეტი არაფერი”.
ამასობაში კი ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თუკი ფეხბურთელები პროტოკოლის დარღვევას განაგრძობენ, ის შემოიღებს კანონს, რომლის თანახმადაც გუნდები თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს შინ ვეღარ გაუშვებენ და მათ ბაზებსა და სასტუმროებში მოუწევთ ცხოვრება.