როგორც იქნა, იტალიაში ბურთი გაგორდა — კორონაპაუზის შემდგომი პირველი მატჩი გახლდათ „იუვენტუსისა” და „მილნის” დაპირისპირება, რომელიც 0:0 დასრულდა. ეს იყო თასის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა. კორონამდე გამართული პირველი თამაში, „სან სიროზე” 1:1 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში, „ბებერმა ქალბატონმა” გაიმარჯვა. „იუვე” ფინალშია”.
დღეს მეორე წყვილი თამაშობს, „ნაპოლი” „ინტერს” მასპინძლობს. მათი პირველი მატჩი „ნაპოლიმ” მოიგო 1:0.
მართალია, გუშინდელ შეხვედრაში ტურინელთა მეგავარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამის გაკეთება 13 თებერვალს, პირველი მატჩის ბოლო წუთზე შეძლო და სწორედ იმ გოლის წყალობით გაიკვლია „იუვენტუსმა” გზა ფინალისკენ.
მას მერე, რაც რონალდუმ თერთმეტი მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა, რამდენიმე წამი იყო გასული, რომ ეშხში შესულმა მილანელმა ანტე რებიჩმა ტურინელ დანილოს სრულიად უსაგნო კარატეს ილეთი ჩაუტარა, რისთვისაც წითელი ბარათით დაისაჯა.
ეს იყო ორი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. ზოგადად, მასპინძლები ამ შეხვედრაში გარკვეულ ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ გოლი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვერ გაიტანეს.
„იუვეს” მწვრთნელი მაურიციო სარი: „რასაკვირველია, მაყურებლის გარეშე ფეხბურთი ის არ არის, რაც უნდა იყოს, მაგრამ სამთვიანი უქმობის შემდეგ კვლავ მოედნის კიდესთან დადგომა და თამაშის ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო.
პირველი 30 წუთით კმაყოფილი ვარ. არც კი მოველოდი ასე სწრაფად და კარგად თუ გავაკონტროლებდით ბურთს. სრულ უპირატესობას ვფლობდით და ასე გაგრძელდა რებიჩის გაძევეებამდე.
გაძევების შემდეგ კი მოვეშვით, ინტენსივობა და ტემპი გავაგდეთ, რაც უმაყურებლო სტადიონზე, როცა არავინ გიკიჟინებს, სარისკოა. ამიტომაც გადავედით სწრაფი კომბინაციური ფეხბურთიდან ინდივიდუალურ მოქმედებებზე, ბურთს უკვე ორ-ორჯერ ვეხებოდით და სიმწვავე დავკარგეთ.
პოზიტიური ის იყო, რომ მეტოქეს თამაშის საშუალება არ მივეცით.
საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ ფორმაში შესასვლელად დროა საჭირო, რადგან ახლა რომ მოგვიწია, ამდენს ჩვეულებრივ არდადეგების დროსაც კი არ ვისვენებთ ხოლმე”.
ცნობისათვის: ამ დღეს კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის” მაისურით მეორე პენალტი გააცუდა. პირველად პორტუგალიელს ეს 2019 წლის იანვარში, „კიევოსთან” შეხვედრაში მოუვიდა.