ვირჯილ ვან დაიკი გახდება „ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი — მისი ჯამაგირი კვირაში 220 000 გირვანქამდე გაიზრდება.

როგორც კი იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება, 28 წლის ჰოლანდიელი კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კონტრაქტის ღირებულებაა 57 მილიონი გირვანქა.

ამრიგად, სადაცაა ბოლო მოეღება მითქმა-მოთქმას იმის თაობაზე, რომ ვან დაიკი შეიძლება „პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. უმდიდრესმა ფრანგულმა კლუბმა ჰოლანდიელისადმი დაუფარავად გამოხატა ინტერესი. პარიზელებს ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა ამ ზაფხულსვე უნდათ.

რას მოიგებდა ვან დაიკი პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში? ფულს! დღეს „ლივერპულში” მისი ხელფასი კვირაში 180 000 გირვანქაა, „პარკ დე პრენსზე” კი 100 000 გირვანქით მეტს გადაუხდიდნენ.

გამოდის, რომ ჰოლანდიელმა მერსის პირას დარჩენა და გასამრჯელოს კვირაში მხოლოდ 40 000 გირვანქით მომატება ამჯობინა. ინგლისური პრესა ხაზს უსვამს, რომ მართალია, ვან დაიკის ახალი ჯამაგირი პარიზულს ვერ შეედრება, მაგრამ მო სალაჰისაზე(!) მეტი გახდება.

ეგვიპტელი კერპი კვირაში 200 000 გირვანქას იღებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ვან დაიკი, რომელიც „ლივერპულში” 2018 წელს „საუთჰემპტონიდან” გადავიდა, „ენფილდზე” 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

პრესა წერს, რომ „ლივერპულს” კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან აქვს ურთიერთობა მოსაწესრიგებელი. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ 28 წლის სენეგალელი თავდამსხმელი სადიო მანე.

მანეს საქმე ასეა: „ლივერპულმა” მას 2023 წლამდე ხელფასის 2 მილიონი გირვანქით გაზრდა შესთავაზა, მაგრამ ვინაიდან მან იმავე „პარი სენ ჟერმენისა” და „რეალისგან” მომხიბვლელი შეთავაზებები მიიღო, მერსისაიდელებისადმი ერთგულების გამოხატვა არ იჩქარა. სენეგალი, მოგეხსენებათ, ფრანგულენოვანი ქვეყანაა და იმაში, რომ პარიზი მანესთვის შესაძლოა უფრო ახლობელი იყოს, ვიდრე ვან დაიკისთვის, გასაკვირი არაფერია.

კიდევ, იურგენ კლოპს ჟორჟჯინიო ვინალდუმთან სურს თანამშრომლობის გახანგრძლივება, მაგრამ რიგში დივოკ ორიჯის კონტრაქტის მოწესრიგება დგას. შერდან შაქირის ამბავი კი გადაწყვეტილია — ის წავა.

ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებული პრემიერლიგის განახლებულ ჩემპიონატში პირველ თამაშს მომდევნო კვირის ბოლოს, 21 ივნისს, თანაქალაქელი „ევერტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მერსისაიდელები ცხრილში 25 ქულით ლიდერობენ და რა უნდა მოხდეს, რომ ტიტული ვერ მოიპოვონ.

მათთვის ეს იქნება ინგლისის ჩემპიონის პირველი ტიტული ბოლო 30 წელიწადში.

გუშინ, „ლივერპულმა” „ენფილდზე” ამხანაგურ შეხვედრაში 6:0 მოუგო „ბლექბერნს”. მატჩის შემდეგ კლოპმა თქვა:

„ყველაფერი სხვანაირად იყო. ბიჭებმა მატჩის შემდეგ შხაპიც არ მიიღეს, ისე გაემგზავრნენ შინ. თამაშამდე მსუბუქად წვიმდა. წარმოიდგინეთ, თავსხმა რომ ყოფილიყო. მათ ხომ ტალახიანებს მოუწევდათ თავიანთ მანქანებში ჩასხდომა და სახლებში წასვლა”.