„ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე” „სევილიამ” და „ბეტისმა” კორონავირუსის მიერ შეწყვეტილი ესპანეთის ჩემპიონატი განაახლეს. „სევილიამ” გაიმარჯვა 2:0.

ეს დერბი, პანდემიის ფაქტორის გათვალისწინებით ისტორიული გახლდათ და ის ცხადია მაყურებლის გარეშე ჩატარდა. სამაგიეროდ, „სევილიელთა” შეტევებს ხარბად უყურებდა ფეხბურთს მონატრებული მსოფლიო ტელეაუდიტორია.

ყველაფერში, რაც „სევილიას” კარგად გამოუვიდა, 25 წლის არგენტინელი ლუკას ოკამპოსი მონაწილეობდა. მას შეხვედრის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, როდესაც დარტყმად ქცეული ჩაწოდება მეტოქის კარის ძელს მოხვდა და უხიფათო ადგილას გადავარდა.

ხულენ ლოპეტეგის გუნდმა პირველ ნახევარში არაერთი საგოლე მომენტი შექმნა და ფრანგი ჟიულ კუნდეს თავური ბადეში რომ შევარდნილიყო, სამართლიანი იქნებოდა. თავური ააცილა ლუკ დე იონგმაც.

მეორე ტაიმში „სევილიას” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. მიზეზი: მსაჯმა ჩათვალა, რომ მარკოს ბარტასა და დე იონგის საჰაერო ორთაბრძოლის დროს ბარტამ წესი დაარღვია. თერთმეტმეტრიანი ოკამპოსმა გაიტანა.

ოკამპოსმა მონაწილეობა მიიღო მეორე გოლშიც, როდესაც მოედნის კუთხიდან ჩაწოდებულ ბურთს ქუსლით შეუცვალა მიმართულება და ფერნანდოს შედეგიანი თავურის დარტყმის საშუალება მისცა.

„ბეტისმა” თანაქალაქელებს ვერც თამაშის ბოლო  მონაკვეთში გაუწია წინააღმდეგობა.

ერთადერთი, რაც ამ შეხვედრაში გაურკვეველი დარჩა ის გახლდათ, თუ რატომ ეხვეოდნიდნენ და კოცნიდნენ ფეხბურთელები ერთმანეთს გოლების შემდეგ. ესპანეთში კორონა აღარ არის?