„მანჩესტერ იუნაიტედი” კორონავირუსს, პრემიერლიგა კი დაბრკოლებას გადაურჩა — „იუნაიტედისა” და „სტოკ სიტის” ამხანაგური თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმართა მწვრთნელ მაიკლ ონილს შეატყობინეს, რომ covid 19 სჭირს.
ეს ამბავი გუშინ, სამშაბათს მოხდა. პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებს შორის საკონტროლო შეხვედრა მანჩესტერელთა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო. შეხვედრა ცხადია გადაიდო.
ახლა, 50 წლის მაიკლ ონილი ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადავა. საინტერესოა, რომ ჩრდილო ირლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი აქამდე ჩატარებული ხუთი ტესტიდან „სუფთა გამოვიდა”.
სანამ ონილი შინ იჯდება და გუნდთან დისტანციურად ექნება ურთიერთობა, მოედანზე საქმეს მისი ასისტენტი ბილი მაკკინლი გაუძღვება. „სტოკს” განახლებულ სეზონში პირველი თამაში 20 ივნისს „რიდინგთან” უწევს.
ამხანაგური შეხვედრის გადადების დეტალები კი ასე იყო: ფეხბურთელებმა ქერინგტონის ბაზაზე დილის 10 საათისთვის დაიწყეს შეგროვება. ორივე გუნდის მოთამაშეები დანიშნულების ადგილზე ინდივიდუალურად, თავიანთი მანქანებით მივიდნენ. როგორც კი ონილის ავადმყოფობის შესახებ ცნობა მოვიდა, თამაში ჩაიშალა და „იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს ვარჯიში ჩაუტარა.
იტყობინებიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „სტოკის” მოთამაშეები ერთმანეთს სახიფათო მანძილზე არ შეხვედრიან. პროტოკოლის თანახმად მანჩესტერელები თავიანთ საწვრთნელ ბაზაზე მეტოქეზე ადრე მივიდნენ, სტუმარი გუნდი კი მოგვიანებით გროვდებოდა ქერინგტონში.
„მანჩესტერ იუნაიტედს” განახლებული პრემიერლიგის პირველი თამაში ლონდონში „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ელის.