არ არის გამორიცხული, რომ 21 ივნისს მერსისაიდული დერბი ლივერპულში კი არა, საუთჰემპტონში ჩატარდეს, „გუდისონ პარკიდან” 381 კილომეტრის მოშორებით. არადა, ეს არის მატჩი, სადაც შეიძლება ინგლისის ჩემპიონის ვინაობა გაირკვეს.
განიხილავდნენ მატჩის ჩატარების კიდევ რამდენიმე ვარიანტს: „უემბლის”, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალ სტადიონს და „ლესტერის” „კინგ პაუერს”.
ინგლისური მას-მედია იტყობინება, რომ ჩამოთვლილი სტადიონები სამარქაფოა. თუკი დადგინდება, რომ ამა თუ იმ ქალაქში შეხვედრის გამართვა უსაფრთხო არ არის, მას საუთჰემპტონში, ლონდონში ან ლესტერში გადაიტანენ.
თავიდან პოლიცია ითხოვდა, რომ ხუთი შეხვედრა („სიტი” – „ლივერპული”; „სიტი” – „ნიუკასლი”; „იუნაიტედი” – „შეფილდი”; „ნიუკასლი” – „ლივერპული”; „ევერტონი” – „ლივერპული”) და ყველა ის მატჩი, სადაც „ლივერპული” შეიძლება ჩემპიონი გახდეს, ნეიტრალურ მოედანზე გადაეტანათ. სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც გასულ კვირაში გადაწყდა, რომ ნეიტრალურ მოედნებს მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში უნდა მიმართონ. ამ გადაწყვეტილებას კენჭს პრემიერლიგის ხვალინდელ ვიდეოკოფერენციაზე უყრიან.
ახლა, იმის შესახებ, თუ რატომ საუთჰემპტონი და არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სარბიელი. ითქვა, რომ ლივერპულის ორი გუნდისთვის საუთჰემპტონში გადაფრენა უფრო იოლია, ვიდრე ლესტერში ავტომობილით ან ლონდონში მატარებლით ჩასვლა.
რამდენიმე დღის წინ მერსისაიდური დერბის ლივერპულში, „გუდისონ პარკზე” ჩატარებას მხარი ქალაქის მერმა ჯო ანდერსონმაც დაუჭირა, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და „უსაფრთხოების ჯგუფმა” „გუდისონის” საკითხზე ჯერ კიდევ უნდა იმსჯელოს.
ბრიტანეთში წერენ, რომ ზოგადად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით არის სახიფათო. აქ covid 19-ის კოეფიციენტი 1-ზე მეტი გახდაო, გამოაცხადეს კვირას.
მაგრამ, პრემიერლიგის ბოსებს ერთი ეშმაკური გამოსავალი აქვთ. საქმე ის არის, რომ „ლივერპულის” ერთადერთი და ისიც მეტ-ნაკლები კონკურენტი „მანჩესტერ სიტი”, „არსენალს” 17 ივნისს მასპინძლობს და ამ თამაშის შედეგი გამოაჩენს იქნება თუ არა შესაძლებელი, მერსისაიდურ დერბიში ჩემპიონის ბედი გადაწყდეს.
თუ ოთხშაბათს „სიტი” „არსენალს” მოუგებს, მაშინ კვირას ლივერპულში რაც გინდა მოხდეს, „წითლები” ამ დღეს ჩემპიონები ვერ გახდებიან. ასეთ შემთხვევაში ყველას შეუძლია წყნარად იყოს. მოზეიმე ხალხით ქალაქის ქუჩების გადავსება და ინფექციის გავრცელება ამ ჯერზე მოსალოდნელი არ იქნება.