საფეხბურთო კლუბი „ჰოფენჰაიმი“ მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შრიოდერს დაემშვიდობა. კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებ გვერდზე დაადასტურა.
„სოფლელებსა“ და ნიდერლანდელ სპეციალისტს შორის ხელშეკრულების გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმებით მოხდა, თუმცა გარკვეულ უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც კლუბის განცხადებაში წერია, ხელმძღვანელობა და შრიოდერი სხვა და სხვა აზრის იყვნენ გუნდის შემდგომ განვითარებაზე, შედეგად თანამშრომლობას აზრი არ ჰქონდა.
შრიოდერის განთავისუფლება აღსანიშნია იმ ფაქტის გამოც, რომ სეზონის მიმდინარეობისას 9 ივნისი ყველაზე გვიანი თარიღია ბუნდესლიგაში, როდესაც მწვრთნელი გაუთავისუფლებიათ. ცხადია, ეს ყველაფერი კორონავირუსის გამო ორი თვით შეწყვეტილ ჩემპიონატს უკავშირდება.
შრიოდერმა „ჰოფენჰაიმი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მანამდე იულიან ნაგელსმანის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. იგივე პოსტზე იყო „ვიტესში“, „ტვენტესა“ და „აიაქსში“. 2014-15 წლებში კი, „ტვენტეს“ მთავარი მწვრთნელიც იყო.
არადა, „ჰოფენჰაიმს“ ბუნდესლიგაში საქმე ცუდად არ მისდის – 30 ტურის შემდეგ გუნდი მეშვიდე ადგილზე იმყოფება.