ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს.
მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო?
ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და თვით საქართველოშიც, სადაც ძალიან კარგად და აზრიანად თამაშობენ ფეხბურთს, არაერთი მწვრთნელი ღამეს სტეხს, ახალი რამეები ჩავინიშნო ჩემს ბლოკნოტში, ემანდ, მსოფლიო ფეხბურთის პროცესებს არ ჩამოვრჩეო.
თუმცა, რაღა მწვრთნელი? ჩვენ, უბრალო ქომაგებიც აქ არა ვართ? ჩვენ, რომლებსაც არ გვესმის ფეხბურთი (მწვთნელებისგან განსხვავებით) და მხოლოდ ბრმად გვიყვარს იგი.
დიახ, ჩვენ ხომ ხმა არ ამოგვეღება.
ერთადერთი, რისი უფლებაც გვაქვს, ტრიბუნაზე ჯდომა და მსაჯის გინება.
ჩვენ არ გვესმის ფეხბურთი – ის ხომ რთული თამაშია და აუცილებლად მწვრთნელები უნდა ვიყოთ, რომ ხმა ამოგვეღებოდეს.
და საერთოდ, რა უფლება გვაქვს, ფეხბურთზე რომ ვწერთ?
ჩვენ ხომ ფეხბურთისა არაფერი გაგვეგება…
ჩვენ ასეთი ხალხი ვართ ეს ქომაგები – საათობით შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ ითამაშა, ვთქვათ, დევიდ ბექემმა, რა სივრცეები დაიჭირა, რატომ ვერ აწვდის ბოლო დროს კუთხურებს, როგორ მიდის ბურთზე და როგორ ატყუებს მოწინააღმდეგეებს. ჩვენ საათობით შეგვიძლია ვილავარაკოთ და ვიკამათოთ იმაზე, ვინ უკეთ ხმარობს კორპუსს, გაზა თუ რონალდო და ამ კითხვებით მავან პროფესიონალ სპეციალისტს რომ მივმართავთ, მრავლისმეტყველად მოგვიგებს:
„ისეთი ვერაფერი აჩვენა. ისე, იგროკია, რა“?
დიახ, ჩვენ ასეთი ხალხი ვარ – უცოდინარი, ბლუ და გულღრძო. ფეხბურთი არ გვესმის, მხოლოდ გვიყვარს.
ვისაც ფეხბურთი ესმის, იმას ჩვენ ნაკლებად ვუყვარვართ. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიშლით და რაღაცეებს ვჯღაპნით – იმას, რასაც ჩვენი უტვინო თავი და ფეხბურთის სიყვარული გვიკარნახებს.
აბა?
აი, ემე ჟაკე გამოჩნდა ეკრანზე.
ერთი ამ კაცთან მალაპარაკა ფეხუბრთზე, ან ჩეზარე მალდინისთან.
აბა, ამათ ექნებათ ბლოკნოტები, თუ ექნებათ. რა თქმა უნდა, ვან გაალის ბლოკნოტებთან მათი ბლოკნოტები ვერც სიდიდით და ვერც ოდენობით ვერ მოვლენ, მაგრამ, ესენი ძაან ბიძები არიან.
ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, რომ ასეთ ხალხთან არ მალაპარაკო ფეხბურთზე.
აჰ, რამდენი უნახავთ და უსწავლიათ? რამდენი საფეხბურთო წიგნი უდევთ მაგიდაზე და რამდენი საფეხბურთო ფიქრი აქვთ თავში.
ამასობაში თამაში ფრედ დამთავრდა. ვერც ფრანგებმა მოიგეს, ვერც იტალიელებმა. დელ პიერომ ბოლო წუთზე გაიტანა პენალტი.
იძინებენ: დაღლილი, ბრმა სიყვარულის უფლებამიცემული გულშემატკივრები და ტელევიზორთან ბლოკნოტით ხელში მსხდომი მწვრთნელები.
გაავსეს, პირდაპირ, ბლოკნოტები: დაიღალნენ ღრმა საფეხბურთო ფიქრებით.
ახლა ძილიც შეიძლება.
ლოზუნგი: „ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი!“
14.06.1997