ვინაიდან, ინგლისში covid 19 ჯერაც არ ჩამცხრალა, პრემიერლიგის განახლება კი კარს არის მომდგარი, ჩემპიონატის თავკაცებმა გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ და პრესაში კოვიდიდიოტებად არიან მოხსენიებულები, სასჯელი გაუმკაცრონ.
რასაკვირველია, ეს მხოლოდ მოთამაშეებს არ ეხება. ხეირი არ დაადგებათ კლუბებსაც, რომლებიც კოვიდიდიოტურად მოიქცევიან.
ერთი სიტყვით, მზადდება კანონი, რომელიც პრემიერლიგაში 200 ათას გირვანქიან ჯარიმას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში თუ პირი კორონადანაშაულს ხელმეორედ ჩაიდენს, ჯარიმა გაორმაგდებდა, რეგულაციათა მესამე და შემდგომი დარღვევებისთვის კი სასჯელი კონკრეტულად განსაზღვრული არ არის. შესაძლოა გუნდს ცხრილში ქულებიც კი დააკლონ.
ადრეც დაგვიწერია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იყვნენ პრემიერლიგის მოთამაშეები, რომელთაც სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის წესები არად ჩააგდეს და ეს ამბავი ვერც კი დამალეს. ისინი გახლდნენ კაილი უოქერი, ჯეკ გრილიში, სერჟ ორიე, ჯორდონ აიბი და ალექსანდრ ლაკაზეტი.
ერთხელ, შუა კარანტინის დროს, გამოიჭირეს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიუც, რომელიც ქალაქის პარკში გუნდს ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე დარჩა 92 მატჩი. პრემიერლიგა მთავრობასთან ერთად ცდილობს მათ ჩასატარებლად უსაფრთხო გარემო შექმნას. მიმდინარეობს ინტენსიური შემოწმება: ჯერჯერობით, 5079-მა ტესტმა ფეხბურთელებისა და კლუბების თანამშრომელთა 13 დაავადების შემთხვევა გამოავლინა.