დღეს 6 ივნისია ანუ ზუსტად 5 წელი შესრულდა მას მერე, რაც „ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს გაიმარჯვა. ეს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოხდა. ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართა. „ბარსამ”, რომლის თავდასხმაში ლეო მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი თამაშობდნენ, „იუვენტუსს” მოუგო 3:1.

ამ გამარჯვების ხუთიწლისთავთან დაკავშირებით ლუის ენრიკეს Barcelona TV-მ კომენტარი სთხოვა და მანაც საინტერესო დეტალი გაიხსენა.

ლუის ენრიკე: „მახსოვს, ნახევრად ხუმრობით როგორ ვკითხე ფეხბურთელებს: როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა ყველაზე ცუდი, რაც დღეს შეიძლებოდა შეგვმთხეოდა? ზოგმა ეს თქვა, ზოგმა ის. ვეტერანებმა, ჩავიმ და დანი ალვეშმა, ყველაზე ცუდი ის იქნება თუ ჩვენს სტილის არ ვუერთგულებთო. მე ვუპასუხე, არა, ყველაზე ცუდი ის იქნებოდა, „იუვენტუსის” ფეხბურთელები რომ ვიყოთ და „ბარსელონას” რომ ვხვდებოდეთ, მეთქი.

წარმოიდგინეთ, რომ სუარესი, ნეი, ლეო, ინიესტა და ბუსკეტსი გყავთ დასაჭერი ანდა ტერ შტეგენს გოლი უნდა გაუტანოთ. თუ გინდა, წარმოიდგენეთ, რომ მორატა ხართ და მასკერანოსა და პიკეს უნდა გაექცეთ ან ევრა ხართ და დანი ალვეშს უნდა დაუდგეთ.

ვიმეორებ, ეს ნახვრად ხუმრობით ვთქვი, მაგრამ მოდი, მართლა წარმოიდგინეთ რომ „იუვენტუსი” ხართ და „ბარსელონაზე” ლაპარაკობთ…”.