ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის გადაწყვეტილებას სრული მასხარაობა უწოდა. 20 წლის ინგლისელმა, რომელიც „დორტმუნდში” თამაშობს, თმა შეიჭრა, ოღონდ არც მას და არც მის დალაქს covid 19-გან დამცავი ნიღაბი არ ჰკეთებია. ჰიგიენის კანონების დარღვევისთვის ლიგამ სანჩო 10 000 ევროთი დააჯარიმა.

სანჩო მარტო არ იყო. მასთან ერთად გახლდათ მისი შვეიცარიელი თანაკლუბელი მანუელ აკანჯი, რომელიც ასევე დასაჯეს.

მომხდართან დაკავშირებით, ბუნდესლიგამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, თუმცა მისი აქ გამეორება არაფერს იძლევა. არც არის ძნელი მისახვედრი, თუ რა შეიძლება ეწეროს მასში. მოკლედ გეტყვით, რომ ლიგა აკანჯის და სანჩოს ჰიგიენის ნორმების დარღვევას სდებს ბრალად, რაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოებიდან შეიტყო. ჩვენებურად რომ ვთქვათ, გინდოდა დაგეპოსტა თმას როგორ იკრეჭ? გადაიხადე ახლა 10 ათასი.

განცხადებაში ერთი ღიმილისმომგვრელი წინადადებაა — ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა თმა რასაკვირველია უნდა შეიკრიჭონ, მაგრამ ეს სამედიცინო მითითებების შესაბამისად უნდა გააკეთონო. სწორია, მაგრამ ის, რომ „ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა თმა რასაკვირველია უნდა შეიჭრან”, ყურს ცოტა სასაცილოდ ხვდება.

დაჯარამებულ ფეხბურთელებს ხუთი დღის განმავლობაში აქვთ გაპროტესტების უფლება.

კლუბს კი ბუნდესლიგა არ სჯის, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი საორგანიზაციო შეცდომის ბრალი არ არის.

„ბილდი” იტყობინება, რომ „დორტმუნდის” ვარსკვლავები — ზემოხსენებული წყვილის გარდა აქსელ ვიტსელი, თორგან აზარი, რაფაელ გერერო და დან-აქსელ ზაგადუ, — დიუსელდორფელ ვარსკვლავ-დალაქთან ვინი ნანა კარკარისთან იჭრიან თმას.

ცნობისთვის: დორტმუნდიდან დიუსელდორფამდე 70 კილომეტრია.

კარკარი: „ნიღაბი მხოლოდ ფოტოს გადასაღებად მოვიხსენი. ზოგადად, ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით ვიცავ. ყოველი კლიენტის წინ ყველა მანქანას დეზინფექციას ვუტარებ, ხოლო მუშაობისას აუცილებლად მიკეთია ხელთათმანი”.

„დორტმუნდის” მწვრთნელი ლუსიენ ფავრი: „ჯეიდონი ძალიან ახალგაზრდაა, მე კი ყველაფერს ვერ გავაკონტროლებ, თუმცა… ჩვენც ვიყავით 18,19,20 წლის და გვახსოვს, რაებს ვაკეთებდით”.