Forbes-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პირველი მიალიარდერი ფეხბურთელია.
35 წლის ფეხბურთელის კაპიტალმა ახლახან გადააჭარბა მილიარდ ამერიკულ დოლარს. რონალდუ გახდა მესამე სპორტსმენი, რომლის ფინანსურმა შემოსავლებმა ამ ზღვარს უწია.
მანამდე მილიარდიან ნიშნულს ზემოთ გოლფის ვარსკვლავის ტაიგერ ვუდსისა და მოკრივე ფლოიდ მეივეზერის ქონება იყო.
ამ თანხიდან 650 მილიონი დოლარი რონალდუმ ხელფასის სახით მიიღო, დანარჩენი – სპონსორებისგან. მაგალითად, შარშან, პორტუგალიელი ფეხბურთელის შემოსავალი 105 მილიონი გახლდათ.
რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა, სადაც ცხრა სეზონი გაატარა. მანამდე პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობდა.