„ჩელსიმ” და „ლაიფციგმა” საერთო ენა გამონახეს — ტიმო ვერნერი 54 მილიონი გირვანქის (60,2 მილიონი ევრო) სანაცვლოდ, „გალურჯდება”.
თავდამსხმელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. დასავლეთლონდონელთა თავკაც ფრენკ ლემპარდს ვერნერი ისე მოსწონს, რომ გერმანული კლუბის მიერ დაწესებულ გამოსასყიდ თანხას დაყაბულდა. 24 წლის ფორვარდი კვირაში 200 000 გირვანქას მიიღებს ანუ „ჩელსის” ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი გახდება.
თითქოს ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ… სანამ „ჩელსი” და „ლაიფციგი” საბუთებზე ხელის მოსაწერად მაგიდამდე მივლენ, ჯერ კიდევ შეიძლება საქმეში „ლივერპული” ჩაერიოს. იურგენ კლოპის ფაქტობრივად ჩემპიონი გუნდი არასდროს მალავდა, რომ ვერნერის შეძენით იყო დაინტერესებული. ფეხბურთელსაც ყველაზე მეტად თანამემამულესთან სურდა გადასვლა.
თებერვლის ინტერვიუში ვერნერმა თქვა: „იურგენ კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. გარდა ამისა, ბევრი ამბობს, რომ თამაშის ჩემეული სტილი „ლივერპულისას” იდეალურად მოერგება”.
თუმცა, covid 19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა პრემიერლიგის კლუბებს სერიოზულად დაარტყა და „ლივერპულს” იმდენი თანხა, „ჩელსის” 54 მილიონი გირვანქა რომ გადაფაროს, როგორც ჩანს არ აქვს, ხოლო თუ აქვს, ჯიბეში ხელის ჩაყოფას ვერ ბედავს.
მიმდინარე სეზონში ვერნერმა ყველა შეჯიბრებაში ერთად, 31-ჯერ გაიტანა, სულ კი, ოთხ სეზონში 92 გოლი აქვს შეგდებული.
„ლაიპციგის” მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ მათ კლუბს ტიმო ვერნერის შენარჩუნების არანაირი შანსი არ ჰქონდა.
„ვერაფერს გავაწყობთ. ტიმომ იცის რას მიიღებს „ლაიფციგში” და რას უნდა ელოდოს ჩემი ხელმძღვანელობით. მე მას ვაჩვენე, რომ მრავალნაირად შეუძლია განვითარდეს. თუმცა, ამ სიტყვებს ყოველდღე ვერ გავუმეორებ. აზრიც არ აქვს. ფეხბურთელი უნდა გრძნობდეს, რომ მის წინაშე არსებობს პერსპექტივა. თუ მას სწამს, რომ ეს პერსპექტივა სადღაც სხვაგანაა, ჩემი მხრიდან მისი ძალად დატოვება დიდი შეცდომა იქნება. ბოლოს და ბოლოს ეს მისი ცხოვრება და მისი კარიერაა. მე ტიმოს ახალს ვერაფერს ვეტყვი”.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ” 37 მილიონ გირვანქად „აიაქსისგან” უკვე დაიბევა 27 წლის მაროკოელი შემტევი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჰი.