78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი. ის ევროპის ოლიმპიური მოძრაობის ლიდერად 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს. იქამდე EOC-ს პატრიკ ჰიკი ხელმძღვანელობდა, ვინც რიოს ოლიმპიური თამაშებისას ბილეთების უკანონოდ გაყიდვაში ამხილეს.
იანეზ კოჩიანჩიჩი 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სლოვენიის ოლიმპიურ კომიტეტს, არჩეული იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად.
„იანეზ კოჩიანჩიჩი იყო ოლიმპიურ მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი და ოლიმპიური ფასეულობების დაუცხრომელი პროპაგანდისტი. ჩემთვის და ოლიმპიური მოძრაობის არაერთი წევრისთვის ის იყო ნამდვილი მეგობარი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი საერთო საქმის წარმატებისთვის,“- განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.