ესეც ფიფა! თან თავისივე კანონი დაარღვია, თანაც მართალი თქვა. ჯანი ინფანტინომ, ის, რასაც ბუნდესლიგაში ფეხბურთელები აკეთებენ დასჯის კი არა აღფრთოვანების საგანიაო. ლაპარაკია, ამერიკის შეერთებულ შტატებიში პოლიციელის მიერ მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და ფეხბურთელების პროტესტზე.
არადა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველთვის მკაცრი და მრისხანე იყო — ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს ამჟღავნებდნენ, სჯიდა. სპორტი სპორტისთვისო! – ჰქუხდა ფიფა. თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, რა ამბავი და ჯარიმები დააწია საფეხბურთო ისტაბლიშმენტმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას, როდესაც მან კატალონიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა დაპატიმრების საპროტესტოდ ყვითელი სამკერდე ნიშნის ტარება დაიწყო.
მაგრამ, დღეს სხვა კონიუნქტურაა და ფიფამაც „ფირფიტა გადმოატრიალა”. ახლა მეორე მხრიდან უკრავს.
პირველი რეაქცია კი ციურიხში ცოტა სხვანაირი ჰქონდათ. ამბობდნენ, ფეხბურთელების რასაკვირველია გვესმის, მაგრამ მოდი საღი აზრით ვიხელმძღვანელოთ და შექმნილი ვითარება გავითვალისწინოთო. რასიზმთან ბრძოლას ჩვენ ვინ გვასწავლის, მაგრამო… და მერე იხსენებდნენ თავიანთ ორგანიზებულ აქციებს ლოზუნგით „არა რასიზმს”!
მეორე განცახებაში კი უკვე გაისმა სიტყვები: „ფეხბურთელები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ დასჯის კი არა ტაშის ღირსები არიან”.
ეს ფეხბურთელები, რომელთაც პროტესტი გამოთქვეს და შეუერთდნენ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აღმოცენებულ მოძრაობას „შავი სიცოცხლეც სიცოცხლეა” (Black Lives Matter) იყვნენ ამერიკელი ვესტონ მაკკენი „შალკედან”, ინგლისელი ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდიდან”, ფრანგი მარკუს ტურამი „გლადბახიდან” და მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ადრე „რეალში” გვინახავს, ახლა კი „დორტმუნდშია” იჯარით გაშვებული.
ქვემოთ წარმოფიდგენთ მთელი „ლივერპულის” ფოტოს, ვარჯიშზე გადაღებულს.
„ჩვენ ყველამ არა უნდა ვუთხრათ რასიზმს და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.
ჩვენ ყველამ არა უნდა ვუთხრათ ძალადობას ნებისმიერი ფორმით!” — თქვა ფიფას მართალმა პრეზიდენტმა თავის ბოლო განცხადებაში.