კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” 2009 წლის ზაფხულში გადავიდა. „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში პირველი თამაში მან 20 ივლისს, დუბლინში, „შემროკ როვერსის” წინააღმდეგ ითამაშა, მავანმა ჟურნალისტებმა კი ამ მოცალეობის ჟამს გადაწყვიტეს მისი იმდღევანდელი თანაგუნდელები მოეძიებინათ.

ირჟი დუდეკი (მეკარე) — პოლონელმა 2005 წელს „ლივერპულისა” და „მილანის” ლეგენდარულ ფინალში პენალტები მოიგერია და მერსისაიდური გუნდის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. 2007 წელს ის „რეალში” გადავიდა, სადაც იკერ კასილიასის ჩრდილში მოექცა და სულ ორჯერ ათამაშეს.

2011 წელს დუდეკმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. ის ავტომრბოლელი გახდა — Volkswagen Castrol Cup-ში მიიღო მონაწილეობა, ევროპა გადაკვეთა. დღეს, ძირითადად გოლფის თამაშით არის დაკავებული.

მიგელ ტორესი (მარჯვენა მცველი) — ტორესი „რეალმა” იმ ზაფხულსვე გაყიდა. შემდეგ მან „ხეტაფეს” შემადგენლობაში ჩაატარა 100 თამაშზე მეტი. ცოტა ხანს ითამაშა „ოლიმპიაკოსსა” და „მალაგაში”, გასული სეზონის ბოლოს კი ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.

პეპე (ცენტრალური მცველი) — ვინმესთვის პეპეს შეხსენება და მისი დახასიათება ზედმეტია. ის დღესაც თამაშობს, „პორტუშია”.

კრისტოფ მეტცელდერი (ცენტრალური მცველი) — გერმანელი „რეალში” „დორტმუნდიდან” გადავიდა, მაგრამ ესპანეთში გატარებულ სამ სეზონში სულ 21-ჯერ ათამაშეს.

შემდეგ, მეტცელდერი „შალკეში” წავიდა, საიდანაც მალე TuS Haltern-ში ამოჰყო თავი. დღეს ეს გუნდი დასავლეთ რეგიონალლიგაში გამოდის.

მეტცელდერი ბოლოს სწორედ ამ კლუბის პრეზიდენტი იყო, მაგრამ გერმანელ სამართალდამცავებს რაღაც საბაბი მისცა და მათ მისი მოღვაწეობის გამოძიება დაიწყეს. მეტცელდერი პრეზიდენტობიდან 2019 წელს გადადგა.

მარსელო (მარცხენა მცველი) — მის შესახებ რაიმეს დაწერა ზედმეტია. ის კვლავ „რეალში” თამაშობს.

ფერნანდო გაგო (ცენტრალური ნახევარმცველი) — „რეალში” არგენტინელმა 2007 წლიდან მოყოლებული 5 წელიწადში 120-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ეს იყო მისი კარიერის საუკეთესო მონაკვეთი. შემდეგ, ცოტა ხანი „ვალენსიაში” იყო, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა. იქ, ერთხანს „ბოკა ხუნიორსში” აგორა ბურთი. დღეს, 34 წლისა „ველეს სარსფილდში” გამოდის.

ლასანა დიარა (ცენტრალური ნახევარმცველი) — რონალდუს მსგავსად ფრანგი „რეალში” 2009 წელს გადავიდა, ოღონდ „მანჩესტერ იუნაიტედში” გაბრწყინებული პორტუგალიელისგან განსხვავებით მანამდე „ჩელსიში”, „არსენალსა” და „პორტსმუთში” ჩაფლავდა. ამიტომაც, მისი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა ძალიან უცნაური იყო.

მადრიდში დიარამ სამი წელიწადი დაჰყო და 87 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ითამაშა რუსეთში, საფრანგეთსა და საემიროებში, საიდანაც „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა და 2019 წელს თამაშს თავი დაანება.

გუტი (მარცხენა ნახევარმცველი) — თხემით ტერფამდე მადრიდისტაა. „რეალში” დაჰყო 1986 წლიდან 2010 წლამდე. კარიერის ბოლოს ერთადერთი წელიწადი გაატარა „ბეშიქთაშში”.

2011 წლიდან „რეალის” ბავშვებს წვრთნიდა, შემდეგ „ბეშიქთაშის” თავკაცის ასისტენტი იყო, ახლა კი „ალმეირას” უდგას სათავეში. გუტის, როგორც მწვრთნელს კარგად ახასიათებენ.

რაული (თავდამსხმელი) — „რეალის” ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდაზე ახალი რა შეიძლება ითქვას. ერთი ხნის წინ 15-წლამდელ მადრიდელებს ედგა სათავეში, ახლა კი „კასტილიას” მწვრთნელია.

გონსალო იგუაინი (თავდამსხმელი) — არგენტინელმა ლა ლიგაში 190 შეხვედრა ჩაატარა და 107 გოლი გაიტანა. შემდეგ ის „ნაპოლიში” გადავიდა, სადაც 2016-17 წლების სეზონში 36 გოლი შეაგდო, მაგრამ „იუვეში” (სადაც ახლაც თამაშობს) და „მილანში” ვერ გამოიჩინა თავი.

„შემროკ როვერსთან” შეხვედრაში სათადარიგოები იყვნენ: მიჩელ სალგადო, რომელიც დღეს „გალისიას” წვრთნის; ეზეკიელ გარაი, „ვალენსიას” ფეხბურთელი; გაბრიელ ჰაინცე, რომელიც ბოლოს „ველეს სარსფილდს” წვრთნიდა, მაგრამ გასული სეზონის ბოლოს გადადგა; როისტონ დრენტე, რომელიც დღემდე თამაშობს ჰოლანდიის მესამე ლიგის გუნდ Kozakken Boys-ში; „ვალენსიას” კაპიტანი დანი პარეხო; რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელიც 2019 წელს დართსის თამაშს შეუდგა პროფესიულ დონეზე; ვესლი სნეიდერი (შარშან დაანება თამაშს თავი); ალვარო ნეგრედო, რომელიც ახლა „ალ ნასრშია”; „რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომლის წარდგენაც საჭირო არ არის და მარკოს ტებარი, რომელიც მოგზაურობის მოყვარული გამოდგა და დღეს ინდურ „ოდიშაში” თამაშობს.