
ინგლისში ფეხბურთის ვარსკვლავებს მომავალი სეზონიდან ხელფასების შემცირება ემუქრებათ. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი ძალას იკრებს და ოთხი მთავარი დივიზიონის კლუბებს სხვა გზა აღარ რჩებათ.
პრემიერლიგის „არსენალი” და ჩემპიონშიფის „ბრენტფორდი” სხვათაგან იმით არიან გამორჩეული, რომ კარანტინის გამოცხადების დღიდან შეკვეცეს ჯამაგირები. სხვებმა, ლიგა ორის კლუბების ჩათვლით, ხელფასების გადახდა მხოლოდ გადაავადეს.
მაგრამ, აი, დადგება ივლისი, როდესაც ინგლისში, ჩვეულებრივ, მომავალი სეზონის აბონემენტების გაყიდვით შემოსულ ფულს ითვლიან და ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ მდგომარეობა უმძიმესია.
განსაკუთრებით ცუდი მომავალი ელით პრემიერლიგის ქვემოთ მდებარე სამი ლიგის კლუბებს, რომლებიც ინგლისის ფეხბურთის ლიგას ეკუთვნიან.
ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელმა მას-მედიაში თქვა: „სეზონის შეჩერებიდან დღევანდლამდე ბევრ ფეხბურთელს სრული უფლება ჰქონდა ხელფასის შემცირება გაეპროტესტებინა, რადგან, სავარაუდოდ, კლუბებს არც ისე ცუდად ჰქონდათ საქმე, როგორც ხატავდნენ. მომავალი სეზონიდან კი მდგომარეობა შეიცვლება. მოთამაშეებს მოუწევთ შემცირებულ გასამრჯელოზე თამაში”.
მართალია, ზემოთ ვთქვით, რომ ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად ინგლისის ფეხბურთის ლიგას დაარტყამს, მაგრამ მძიმე პერიოდს ვერც პრემიერლიგა აირიდებს თავიდან. თავად განსაჯეთ, რამხელა ფულს დაკარგავენ კლუბები, თუკი სტადიონზე მაყურებელს კვლავ არ შეუშვებენ.
კლუბებს აუცილებლად შეუმცირდებათ სპონსორული შემოსავალიც.
ინგლისური პრესის აზრით, დიდი შანსია, რომ ბევრმა მათგანმა დამოუკიდებელი არსებობა ვეღარ შეძლოს და ადმინისტრირებაში გადაეცეს რაც ან გაყიდვის წინაპირობაა (თუ მყიდველი მოინახა) ან დახურვის.