„ბარსელონას” მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ ახალი წესი მის გუნდს დააზარალებს. ლაპარაკია ცვლილებებლის რაოდენობაზე: როგორც იცით, ერთ მატჩში სამის ნაცვლად ნებადართული იქნება ხუთი ცვლილება. ეს წესი დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ კარანტინიდან გამოსული ფეხბურთელები შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაამთავრებენ.

ლა ლიგია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა, 11 ივნისს კი უნდა განახლდეს. პირველი მატჩი იქნება „სევილიასა” და „ბეტისის” დერბი.

„ვფიქრობ, ახალი წესი ჩვენ უფრო გვავნებს, ვიდრე ხელს შეგვიწყობს, — თქვა სეტიენმა, — ზოგადად, ბევრი თამაშის ბედი ბოლო წუთებში წყდება, ეს წესი კი მეტოქეებს მატჩის მიწურულს დასვენებული ფეხბურთელების შემოყვანის საშუალებას მისცემს. შესაბამისად, ის უპირატესობა, რომელიც ჩვენ ფიზიკურ მომზადებაში გვაქვს, გაბათილდება”.

შემდეგ „ბარსას” მწვრთნელმა წვრთნის სპეციფიკაზეც ილაპარაკა.

„დიდი მონდომებით ვემზადებით. გვეგონა გუნდური ვარჯიშებისთვის მეტი დრო გვექნებოდა. ვიდეოდარბაზში შეკრება და ახალი ტაქტიკური კონცეპციის განხილვა ფაქტობრივად ვერც კი მოვასწარით.

რაც შეეხება მოტივაციას, ამდენი ხანი უქმად ყოფნა თავისთავად მოტივაციაა. ფეხბურთელებს თამაში და გამარჯვება მოენატრათ”.

დღეისათვის „ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა. ის „რეალს” 2 ქულით უსწრებს. თუ დარჩენილ 11 ტურში „ბლაუგრანამ” ლიდერობა არ დაკარგა, ზედიზედ მესამედ გახდება ესპანეთის ჩემპიონი.