იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.

იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებმა ამ კვირაში ვარჯიშები განაახლეს. მანამდე ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ხელმძღვანელობდნენ.

სერია A-ში ბოლო თამაში იყო „სასუოლო” – „ბრეშა”, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ეს გახლდათ 9 მარტს.

მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ ქვეყანა, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა და შესაბამისად იყო პირველი, ვინც ბურთის თამაში შეაჩერა. თანდათანობით მას სხვებმაც მიბაძეს.

დღეისათვის სერია A-ს გუნდებს 12-13 თამაში აქვთ დარჩენილი.

26 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა „იუვენტუსი”, რომელიც ერთი ქულით უსწრებს „ლაციოს”. მესამეზეა „ინტერი”, რომელიც ლიდერს ერთი თამაშით და 9 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ მოდის covid 19-ის მიერ დაუნდობლად ნაგვემი ლომბარდიის წარმომადგენელი „ატალანტა”. ის 6 ქულით ჩამორჩება „ინტერს” და 3 ქულით უსწრებს „რომას”. თუ ბერგამოს გუნდმა ეს პოზიცია შეინარჩუნა, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვა.

დასამთავრებელია იტალიის თასის გათამაშებაც. ნახევარფინალების საპასუხო თამაშები 13-14 ივნისისთვის არის ჩანიშნული. პირველ შეხვედრებში „ნაპოლიმ” მილანში მოუგო „ინტერს” 1:0, ხოლო „მილანმა” და „იუვენტუსმა” იქვე 1:1 ითამაშეს.

სპადაფორა: „ჩემპიონატის განახლების თარიღად უნდა შეგვერჩია დღე, როდესაც ამის საშუალებას უსაფრთხოების პირობები მოგვცემდა. აგრეთვე, გვჭირდებოდა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ხელსუფლების შესაბამისი პროტოკოლიც.

დღეს იტალია თანდათანობით უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ ჩემპიონატის განახლება.

ჩემპიონატის განახლების შესახებ პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტესთან უკვე ვილაპარაკე”.

რასაკვირველია, თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება.