ჯეიდონ სანჩო

„მანჩესტერ იუნაიტედმა” Bank of America-დან კრედიტი გამოიტანა: 140 მილიონი გირვანქა. ასე ებრძვის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი კლუბი კრიზისს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღება, ოლე გუნარ სულშერს კვლავ მიეცემა „დორტმუნდისგან” ჯეიდონ სანჩოს ყიდვის შესაძლებლობა.

კრედიტის გარდა, „ოლდ ტრეფორდს” შეიძლება სხვა შემოსავალიც გამოუჩნდეს — მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში პოლ პოგბას ლამისაა დიდი ასოებით not for sale (არ იყიდება) დააწერონ, არ არის გამორიცხული „რეალმა” მათგან ის მაინც შეიძინოს.

არის მეორე ვარიანტიც: მადრიდელებმა ხურდაში რომელიმე ფეხბურთელი მოაყოლონ, მაგალითად მარტინ ოდეგორი, ლუკას ვასკესი ან ხამეს როდრიგესი.

როგორც ირკვევა, „იუნაიტედის” ფინანსებისთვის ჰარი მაგუაირის (85 მილიონი გირვანქა) და ბრუნო ფერნანდეშის (46,6 მილიონი გირვანქა) შეძენას მიუყენებია გვარიანი დარტყმა.

ახალი კრედიტი მანჩესტერელებს უპირველეს ყოვლისა covid 19-ით გამოწვეული ზარალის გამოსასწორებლად სჭირდებათ, თუმცა ამ თანხის გარკვეული ნაწილი შეიძლება ტრანსფერებზეც დაიხარჯოს.

სულშერს ყველაზე მეტად ზემოხსენებული ჯეიდონ სანჩოს და „ასტონ ვილას” ნახევარმცველის ჯეკ გრილიშის შეძენა სურს, ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი კი ამბობს, რომ პანდემიის მწარე შედეგები ჯერ კიდევ არ ჩანს და უარესს მომავალში უნდა ველოდოთ.

2020 წლის პირველ კვარტალში „იუნაიტედის” მოგება 30 მილიონი გირვანქით შემცირდა, ვალი კი 429,1 მილიონ გირვანქამდე გაიზარდა.

კარანტინის პირველი 18 დღე კლუბს 23 მილიონი გირვანქა დაუჯდა რის გამოც, ვუდვორდმა თქვა: „ამიერიდან ჩვენი ბიზნესი ჩვეულებრივად ვეღარ გაგრძელდება”.