პრემიერლიგა ვარაუდობს, რომ ჩემპიონატის განახლების შემდეგ უეფას მიბაძავს და თამაშების დაწყების დროს ორად გაყოფს: ადრეულად და გვიანად. სხვა სიტყვებით, შუა კვირის შეხვედრების ნაწილი ჩვენებურად საღამოს 9 საათზე გაიმართება, მეორე ნაწილი კი 11 საათზე.

რაც შეეხება იმ მატჩებს, რომლებიც უქმეებზე უნდა ჩატარდეს, ისინი თანაბრად განაწილებდა: 5 შაბათს და 5 კვირას.

პრემიერლიგა განახლდება პარასკევ დღეს, 19 ან 26 ივნისს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ კლუბებს კომერციული ტელეკომპანიებისთვის რაც შეიძლება ცოტა ფული ჰქონდეთ დასაბრუნებელი.

ანუ, პრემიერლიგამ სეზონის ჩამთავრებას თავი რომც მოაბას, ტელეკომპანიებისთვის 340 მილიონი გირვანქა მაინც დასაბრუნებელი იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შეჯიბრება ჩაიშლება, დასაბრუნებელი გახდება 762 მილიონი, რაც არავის უნდა.

რამდენი ტური უნდა დაიგეგმოს შუა კვირებში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის განაახლებენ სეზონს და რამდენ ხანში ექნებათ დარჩენილი ტურები ჩასატევი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სადღაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მატჩებიც არის ჩასასმელი, მეოთხედფინალიდან ფინალის ჩათვლით.

კიდევ, წინა ტურებიდან გადმოდებულია ორი შეხვედრა: „მანჩესტერ სიტი”-„არსენალი” და „ასტონ ვილა”-„შეფილდ იუნაიტედი”. ისინი, წესითა და რიგით, პირველივე „შუა კვირაში” გაიმართება.

(აუცილებელია, კვირაში ერთი-ორი დღის დატოვება ჩემპიონშიპის მატჩების ტრანსლაციებისთვისაც)

იყო ლაპარაკი, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მიზნით, რეპორტაჟები გადაეცათ საზოგადოებრივი მაუწყებლით ანუ BBC-თ, მაგრამ საეჭვოა ამ იდეამ ორ ტურზე მეტხანს შეისხას ხორცი. ეჭვი არ არის, ორიოდ ტურის შემდეგ ტრანსლაციები ისევ კომერციულ ტელეარხებზე გადავა და ვისაც საფასური გადახდილი არ აქვს, თამაშებს ვერ ნახავს ან ახლობელთან მოუწევს წასვლა ანუ სოციალური დისტანცირების წესის დარღვევა.

ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ჩემპიონატის განახლების მთავარი მიზეზი ფეხბურთის  სიყვარულზე მეტად, სავარაუდოდ, სწორედ ის კომერციული ტელევიზიებია, რომელთათვის კლუბებს ფულის დაბრუნება არ უნდათ. ესენია „სქაი” და BT სპორტი.

გერმანიაში აღდგენილი ბუნდესლიგის თამაშების უფასოდ გადაცემა სცადეს, მაგრამ ეს მხოლოდ „დორტმუნდ”-„ბაიერნის” თამაშამდე გაგრძელდა.

პრემიერლიგის კლუბებს ამ და სხვა საკითხებზე უახლოესი ვიდეოკონფერენციები დღეს და ხვალ ექნებათ.