„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს მოუთხრო, თუ რა სიძნელეებს გადააწყდა კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების დროს.
„ვარჯიშს დილის 9 საათზე ვიწყებდით და საღამოს ხუთზე ვამთავრებდით. საქმე ის არის, რომ გუნდური წვრთნები აკრძალული იყო და ფეხბურთელები პატარ-პატარა ჯგუფებად მუშაობდნენ სხვადასხვა დროს. ვიღაც 10 საათზე მოდიოდა, ვიღაც 11-ზე, ვიღაც 14-ზე და ასე შემდეგ.
მართალი გითხრათ, სამწვრთნელო შტაბიც ძალიან გადაღლილი იყო. ერთი სასაცილო ფოტოც არსებობს, სადაც ველოსიპედზე ვზივარ. ტოტენჰემის ბაზაზე მინდვრები ცოტა მოშორებითაა ერთმანეთისაგან განლაგებული და უველოსიპედოდ ძალიან გამიჭირდებოდა გადაადგილება,“ – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.