„ბაიერნმა” „დორტმუნდს” სტუმრად მოუგო 1:0. ამრიგად, გერმანიის ჩემპიონის ვინაობა სავარაუდოდ გარკვეულია. მასპინძლებს რომ ეჯობნათ გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულა იქნებოდა, ახლა კი შვიდია და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა. რაღამ უნდა დააბრკოლოს მიუნხენის გუნდი, რომელიც ყველა მეტოქეს სჯობს?

ბუნდესლიგის მთავარ შეხვედრაში დორტმუნდელთა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა ჯეიდონ სანჩო, რაც არა მარტო ქომაგების, არამედ წარსულში დიდი ვარსკვლავის, ამჟამად ექსპერტის ლოთარ მათეუსის გაკვირვების მიზეზი გახდა. მათეუსმა ტელეკომპანია „სქაის” ეთერში ასე თქვა:

„გაოცებული ვარ, სანჩო თავიდანვე რომ ვერ დავინახე მოედანზე. დღეს მას პირველივე წუთიდან ველოდი, თუმცა მწვრთნელმა სხვა გზა აირჩია და ალბათ საამისო მიზეზიც ჰქონდა. მან ამჯობინა წინა შეხვედრებში ნაცადი სასტარტო შემადგენლობა არ შეეცვალა”.

და მართლაც, ლუსიენ ფავრმა „ბაიერნის” ძლევა იმავე სასტარტო შემადგენლობით სცადა, რომლითაც „შალკეს” 4:0, ხოლო „ვოლფსბურგს” 2:0 აჯობა. სანჩოს გარდა სკამზე ისხდნენ აქსელ ვისტელი და ემრე ჩანიც, რაც, როგორც გერმანული პრესა წერს, შეცდომა გამოდგა.

„დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა სცადა მწვრთნელის გადაწყვეტილებისთვის ნათელი მოეფინა:

„ვფიქრობ, ფავრმა რთული გადაწყვეტილებები მიიღო. დღეს, ჩვენ ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩავატარეთ ერთი და იმავე შემადგენლობით.

მიზეზი ის იყო, რომ აქსელ ვისტელმა გუნდთან ერთად სულ ერთი-ორჯერ ივარჯიშა. ემრესა და ჯეიდონის შემთხვევაში კი კითხვა სხვანაირად იდგა: შეძლებდა ეს ორი ფეხბურთელი 90 წუთის გაძლებას?”

ფავრმა სანჩო და ჩანი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან შეიყვანა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან თავიდანვე სურდა თამაში.

„იმედი მქონდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ვიქნებოდი”, — თქვა მან.

ბოლოს კი ისევ ლოთარ მათეუსი: „ისეთ გუნდთან შეხვედრაში, როგორიც „ბაიერნია”, გამოცდილება და სიმტკიცე გჭირდება. მე რომ „დორტმუნდის” მწვრთნელი ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი”.