„ბორნმუთისა” და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მეკარეს აარონ რემსდეილს პარასკევს, ვარჯიშის შემდეგ აღებულმა ტესტმა covid 19 დაუდგინა. არადა, წინა ორშაბათის ტესტის თანახმად ის ჯანმრთელი იყო. რემსდეილი ვარაუდობს, რომ ვირუსი ადრე, სუპერმარკეტში შეეყარა.

აარონ რემსდეილი: რა თქმა უნდა შოკში ვარ. არავისთან მიკონტაქტია და უცებ, ინებეთ… თურმე კორონავირუსი მჭირს.

არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ამან უფრო შემაშინა. ვინ იცის რამდენ ჯანმრთელ, ახალგაზრდა ადამიანს გადააქვს ეს დაავადება ფეხზე.

ავად რომ ვარ ცუდია, მაგრამ იოლი ფორმა რომ მაქვს, ეს არის კარგი. მოკლედ, ცხოვრებაში ცუდი რაღაცები არსებობს და ერთ-ერთი მათგანი მაინცდამაინც მე შემემთხვა”.

რემსდეილი პირველია ტესტირების მეორე ეტაპზე (996 ანალიზი) გამომჟღავნებული ორ დაავადებულ პრემიერლიგელს შორის. მეორეს ვინაობა (შეიძლება ფეხბურთელი არც იყოს) ჯერ არ გახმაურებულა.

ახლა, „ბორნმუთის” მეკარე და მისი მეგობარი გოგონა შინ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ერთ კვირაში მას განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.