„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი უეინ რუნი ამბობს, რომ ლუის ვან გაალი „ოლდ ტრეფორდიდან” არ უნდა გაეშვათ. ჰოლანდიელი მწვრთნელი რომ დარჩენილიყო, ჩვენი გუნდი ახლა გაცილებით ძლიერი იქნებოდაო.

წიგნში, „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება” რუნი ჰყვება, რომ 2016 წელს ცნობამ იმის შესახებ, რომ ვან გაალი „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან მოხსნეს, სახტად დატოვა.

ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში ორი სეზონი დაჰყო. მან გუნდს ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაგებინა, შემდეგ კი ის ჟოზე მოურინიუთი შეცვალეს.

„ლუისი რომ გაუშვეს თავი განადგურებულად ვიგრძენი, — წერს ამჯერად უკვე „დერბი ქაუნთის” მოთამაშე, რომელსაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 120 შეხვედრაში 53 გოლი აქვს გატანილი, — ჩვენ ის აუცილებლად უნდა დაგვეტოვებინა კიდევ ერთი სეზონით მაინც. რომ დაგვეტოვებინა, დღეს გაცილებით ძლიერები ვიქნებოდით.

აშკარად ვხედავდი, რომ საქმე უკეთ მიდიოდა. ფეხბურთელები მის ფილოსოფიას ალღოს უღებდნენ. იმ ორ წელიწადში მასთან რომ გავატარე, გაცილებით მეტი ვისწავლე ვიდრე რომელიმე სხვა მწვრთნელისგან. ამის გამო მე მუდამ ვან გაალის მადლობელი ვიქნები. ის კი არ არის მთავარი, რომ მის ხელში გუნდის კაპიტანი ვიყავი, არამედ ის, რომ ლუისს ჩემი სწამდა.

იმ პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი” საუკეთესო გუნდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ 12 ფეხბურთელი დაშავებული გვყავდა, ეს კი ჩვენთვის მეტისმეტი გახლდათ.

ძირითადი შემადგენლობა ძალიან ძლიერი გვყავდა. მას პრემიერლიგის ზედა ოთხეულისთვის შეეძლო ბრძოლა, მაგრამ ტრავმებს ვერ ავუდიოდით. საკმარისი იყო ვინმე დაგვშავებოდა, რომ ეს დაუყოვნებლივ აისახებოდა თამაშზე. წინა წლების მსგავსად სათადარიგოთა სკამზე მაღალი დონის ფეხბურთელები აღარ გვყავდა და იმიტომ.

იმ პერიოდში გადავწყვიტე კარიერის დამთავრების შემდეგ მწვრთნელი გავმხდარიყავი, ამისათვის კი ლუისთან მუშაობას არაფერი სჯობდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. უკეთეს პედაგოგს ვერ ვინატრებდი”.

„მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ ლუის ვან გაალს აღარსად უმუშავია, ხოლო 2019 წელს მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პროფესიიდან წავიდა.

ამასწინათ, ჰოლანდიელმა მის „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლაში „იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი დაადანაშაულა და მას ბოროტი გენიოსი უწოდა.