ხვალ, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, ბუნდესლიგაში დიდი მატჩია: „დორტმუნდი” vs „ბაიერნი”. თუ ბავარიელები გაიმარჯვებენ, არ არის გამორიცხული,  ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად მოიპოვონ შეწყვეტილ-განახლებული ჩემპიონატის პირველი გუნდის სახელი. ცხრილში მათ უკვე შვიდქულიანი უპირატესობა ექნებათ.

„ბაიერნის” ვეტერანი ვარსკვლავი თომას მიულერი სეზონის მთავარი დაპირისპირებისთვის უკვე მზადაა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა” წინა ტურში ფრანკფურტის „აინტრახტს” მოუგო 5:2, ხოლო „დორტმუნდმა” სტუმრად აჯობა „ვოლფსბურგს” 2:0.

„ჩვენთვის ეს კვირა გადამწყვეტია, — უთხრა მიულერმა ტელეკომპანია „სქაის”, — ამ კვირაში სამი გამარჯვება დავისახეთ მიზნად და მის მისაღწევად „აინტრახტთან” პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადავდგით”.

30 წლის გერმანელი ვარსკვლავის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მიუნხენის გუნდს დორტმუნდში მოგების გარდა სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებს.

შემდეგ, მიულერმა თქვა, რომ „აინტრახტთან” თამაშით კმაყოფილი დარჩა:

„დორტმუნდელებმა მოიგეს და ჩვენც, ჩვენი მხრივ არ გვინდოდა ჩამოვრჩენილიყავით. ეს მოუთმენლობა პირველივე წუთებიდან გვეტყობოდა. ძალიან გახარებული ვარ იმ ინტენსივობით, რომელიც მთელმა გუნდმა ვაჩვენეთ. რასაკვირველია, თამაში სრულყოფილი მაინც არ იყო, მაგრამ დორტმუნდში შესაძლებლობების ზღვარზე უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში ყველა დაინახავს, რითი ვართ ძლიერები და სტადიონს გაღიმებულები ჩვენ დავტოვებთ. რასაკვირველია, ისიც ვიცით, რომ დიდი ბრძოლა მოგველის”.

„აინტრახტთან” მიულერი და მისი თანაგუნდელები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ მარტინ ჰინტერეგერმა მათ სამ წუთში ორი გოლი გაუტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, „ბაიერნი” რისი „ბაიერნი” იქნებოდა, ამას რომ გაეტეხა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემპიონმა 5:2 მოიგო, მეტოქით აღფრთოვანებულმა ჰინტერეგერმა კი თქვა:

„როდესაც ბავარიელებმა იციან რომ სჭირდებათ, სრულ სიმძლავრეს რთავენ და თავისას აღწევენ”.