თანამოზიარე ვარ პრობლემისო? არა! მესმის გარკვეულ მომენტებშიო? არც ეს! მეცოდებაო? სულ სხვაა!

გული დამწყდა. ალალად. ვერ ჩავეძიები ნიკა ბასილაშვილის თავს გადამხდარ ისტორიას. არც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაგვიწყებია, მაგრამ…

შორს დეტალები. არის ფაქტები. არის შემაკავებელი ორდერი და საგირავნო თანხა. ეს უკვე ნიშნავს, რომ მსოფლიოში ჩოგბურთის მოთამაშე მილიონობით ადამიანს შორის 27-ემ სპორტული სამყაროს, მედიის და პოტენციური სპონსორების პატივისცემა ერთ დღეში დაკარგა.
უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო. გამართლებული ბასილაშვილის ბიოგრაფიას ეს ლაქა შავის გარდა, ვერანაირ ფერად ვერ დარჩება.
ნიკა, ძალიან კარგო სპორტსმენო და როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მჯერა, კარგო ადამიანო: ვოვა სტეფანიას სიტყვები მინდა გავიხსენო, NBA- ში თამაშისას ინტერვიუში რომ მითხრა: დიდი ფული მხოლოდ შორიდანაა ყოვლისშემძლეობის ილუზია. ვარჯიშიდან გამოსული მანქანამდე თავდახრილი მივდივარ, მზერა რომ არავის გავუსწორო და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებით არ მიჩივლონო…
ანუ, დიდი ფული და პოპულარობა დიდი თმენა და პასუხისმგებლობაც არისო.
დაუსრულებელ სასამართლო პროცესზე მსჯელობა დილეტანტობაა. სამაგიეროდ, ფაქტია: ნიკა ბასილაშვილმა მეუღლეზე ძალადობის თუნდაც ჯერ დაუდასტურებელი ბრალდებით საკუთარი თავი საჩოგბურთო სამყაროს კეთროვანთა სიაში ჩაწერა.
რეპუტაცია ნებისმიერ შემთხვევაში შელახულია. იურიდიული შედეგები მოგვიანებით იქნება.
იქამდე კი…

მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს ...ნეკა დოროყაშვილი (ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლე)

ბოლო პერიოდში ქონებრივი დავა გვქონდა, მაგრამ მოლაპარაკების გზით მოვაგვარეთ. ორი დღის წინ კი ავჭალაში, ყოფილი მეუღლის სახლში ბავშვის წამოსაყვანად მივედი. ძალიან აგრესიულად დამხვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ძლივს დავაღწიე თავი იქაურობას, მანქანაში ვჯდებოდი როცა ყოფილი მამამთილი ნაჯახით გამომიდგა. არ ვიცი ნასვამი იყო თუ რა, ზუსტად ვერც ის გავარჩიე ხელში რა ეჭირა, მაგრამ ფაქტია, რაღაც გრძელტარიანი საგნით მომსდევდა, თან ბავშვი ხელებში მყავდა. ფიზიკურ დაზიანებებზე ექსპერტიზა უკვე ჩამიტარდა. სასამართლოსგან გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდი.

ამასობაში კი ბასილაშვილების ოჯახმა ეს განცხადება გაავრცელა

„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით ისმის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილი, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“