პრემიერლიგა შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, „უოტფორდს” კი ვარჯიშზე ექვსი ფეხბურთელი აკლდა.

მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა თქვა, რომ მისი ორი მოთამაშის მეგობრებსა და ნათესავებს covid 19 დაუდგინდათ, რის გამოც ეს მოთამაშეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ამ ორს დაამატეთ ადრიან მარიაპა, რომელიც კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად თავად აღმოჩნდა კორონავირუსით დაავადებული.

ტროი დინის შესახებ ბევრს ვწერდით. მას ახალშობილი შვილი ჰყავს სუნთქვის პრობლემებით და შიშობს, რომ თუ ფეხბურთის თამაშს დაიწყებს, ისედაც პრობლემურ პატარას შინ დაავადებას მიუტანს. და როგორც გაირკვა, დინის კიდევ ორი თანაგუნდელი აჰყვა. მოკლედ, გამოიკვეთა სამეული, რომელიც პრინციპული მოსაზრებით არ უერთდება ვარჯიშებს.

ნაიჯელ პირსონი: „ერთს კორონავირუსი სჭირს; ორი ფიქრობს, რომ ავადმყოფებთან ჰქონდა კონტაქტი; დანარჩენმა სამმა კი გადაწყვიტა არ იაროს ვარჯიშებზე. მათ ვინაობას არ დავასახელებ. ეს არ იქნება სწორი საქციელი.

ამრიგად, ამ კვირაში ჩვენ გვყავდა ფეხბურთელების მთელი ჯგუფი, რომელსაც არ უვარჯიშია. რა გაეწყობა, რაც არის ეს არის. იმედია, მდგომარეობა შეიცვლება.

სხვათა შორის, სამეული, რომელსაც covid 19 დაუდგინდა, სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ამიტომაც დავრჩით სახტად, როდესაც მათი დიგნოზი გავიგეთ”.

ხვალ პრემიერლიგამ ფეხბურთელების მეორე ტესტირების შედეგები უნდა გამოაცხადოს, „უოტფორდმა” კი დამატებით, თავისი ხარჯით, ფეხბურთელების ოჯახებიც გამოიკვლია.

პირსონი: „როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ფეხბურთზე ლაპარაკი ძალიან მეუხერხულება. სიკვდილიანობა მაღალია, ჩვენ კი ყურადღებას ბურთაობაზე და ჩემპიონატის განახლებაზე ვამახვილებთ.

ფეხბურთელები შეშფოთებულები არიან, BAME (შავკანიანები, აზიელები და ეთნიკური უმცირესობანი) საზოგადოება განსაკუთრებული რისკის წინაშე დგას და არსაიდან არანაირი გარანტია არ არსებობს.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მხოლოდ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ხომ არ უნდა ვიზრუნოთ. მათი ოჯახების წინაშეც გვაკისრია პასუხისმგებლობა.

აი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა შემსუბუქდება და დავრწმუნდებით, რომ პანდემიის მეორე ტალღასაც გადავრჩით, მაშინ უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებაზე”.

დღევანდელი მონაცემებით უფრო ლოგიკურია, რომ პრემიერლიგა გამოცხადებული 12 ივნისის მაგივრად 19 ივნისს დაიწყება.

პირსონი: „მოსამზადებლად ოთხი კვირა და სამი დღე ვითომ საკმარისია? არა, რასაკვირველია. ექვსი კვირა მაინც არის საჭირო.

და რაკიღა ვარჯიშებს დავუბრუნდით, მოთამაშეებს დინამიკურ, ინტენსიურ რეჟჯიმზე გადასვლა დასჭირდებათ. ამას კი ადაპტაცია სჭირდება”.