
იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ერთ წელიწადში 37,4 მილიონი დოლარი იშოვა, რაც არამხოლოდ წინა წლის, ყველა დროის რეკორდია. მას 1,4 მილიონით ჩამორჩა სერენა უილიამსი. ამ ორის გარდა ჯერ 30-მილიონიანი ზღვარისთვის არავის გადაუბიჯებია. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულთან 2015 წელს მარია შარაპოვა იყო – წლიური 29,7 მილიონი.
სამართლიანობა მოითხივს აღინიშნოს, რომ სარეკორდო თანხიდან ოსაკამ 34 მილიონი კორტს მიღმა, ანუ სპონსორებისგან იშოვა. მათ შორის იაპონური ავტოგიგანტი „ნისანი“, იაპონურივე ავიაკომპანია და ორი პარფიუმერული ფირმაც არიან. თითოეული კონტრაქტი შვიდნიშნაა, რეკორდსმენი კი „ნაიკია“, რომელიც 2025 წლამდე ოსაკას წლიურად 10 მილიონ დოლარს გადაუხდის.