„არსენალის” ბოსნიელი მცველის სეად კოლოშინაცის მეუღლე ბელა კოლოშინაცი კვირას, ბრიტანეთში, ელექტროშოკური პისტოლეტის შეტანისთვის დააკავეს.
27 წლის ქალბატონს, თურმე შარშანდელი ინციდენტის შემდეგ მოსვენება დაუკარგავს და თავის დასაცავად იარაღის შეძენა სდომებია. შარშანდელი ისტორია კი ასეთი იყო: მის მეუღლეს და მესუთ იოზილს ლონდონში ვიღაც დანიანი კაცები დაესხნენ თავს.
ერთი სიტყვით, ბელა კოლოშინაცი გერმანიაში გამგზავრებულა, სადაც ელექტროშოკერის ტარების ლიცენზია აუღია, მაგრამ ის კი ვეღარ გაუთვალისწინებია, რომ ამ არცთუ სახუმარო ძალის იარაღით სიარული გაერთიანებულ სამეფოში აკრძალულია. და როდესაც ფრანკფურტის რეისიდან ჩამოსულ „მეთოფის” ცოლს ლონდონის „ბიგინ ჰილის” აეროპორტში ბარგი შეუმოწმეს, ჩანთაში… „თოფი” უპოვეს.
ქვეყანაში აკრძალული იარაღის შეტანისთვის ბელა კოლოშინაცს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ გაფრთხილება აკმარეს. რამ გადაარჩინა?
კოლოშინაცების ოჯახის წარმომადგენელმა თქვა: „ეს იყო სრული გაუგებრობა. ელექტროშოკერი ჯერაც მაღაზიის შეფუთვაში, ცელოფანსა და ყუთში იდო და ბატარიებიც არ ჰქონდა ჩადებული.
ბელას შეუძლია წარმოადგინოს, მეილები, სადაც ის რეისის ოპერატორს თავისი ბარგის შესახებ ატყობინებს. სამწუხაროდ, ოპერატორმა მხოლოდ მაშინ უპასუხა, როდესაც ბელა უკვე ჰაერში იყო და მობილური გამორთული ჰქონდა.
ამასობაში კი თვითმფრინავიდან ლონდონში მესაზღვრეებს შეატყობინეს, რომ ბორტზე ჰყვდათ ადამიანი ელექტროშოკერით. თან, ბელას დეკლარაციაში არაფერი ჩაუწერია, რადგან არ ეგონა კანონს თუ არღვევდა. გერმანიაში ასეთი შოკერის ჩანთაში ჩადებას და ქუჩაში სიარულს არავინ გიკრძალავს”.
სეად კოლოშინაცი გერმანიის ქალაქ კარლსრუეში დაბადებული ბოსნიელი გახლავთ და ამიტომ იყო ელექტროშოკერის ისტორია გერმანიასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული.