პრემიერლიგის განახლებას საშველი არ დაადგა. არც თარიღებია ცნობილი და, თუ საერთოდ გაიმართა, ბოლო ტური შუა ზაფხულში მოუწევს.

დაახლოებით ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა ინგლისის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა შორეულ, 1947 წელს. სეზონის ჩაშლის შანსი მაშინაც იყო, მაგრამ სხვა მიზეზით.

ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946-47 წლების სეზონი პირველი სრულფასოვანი ტურნირი გამოდგა. თუმცა, უკვე 1947 წლის მარტში, საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლები სერიოზული პრობლემის განსახილველად შეიკრიბნენ.

1946-47 season | Liverpool FC Wiki | Fandom
ლივერპული – ინგლისის 1946-47 წლების სეზონის ჩემპიონი

ომის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობა კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას ლამობდა. საჭირო იყო წარმოების გაზრდა, ამიტომ მიაჩნდათ, რომ შუა კვირაში სპორტული ღონისძიებების გამართვა მუშებს საქმეს მოწყვეტდა. გადაწყვიტეს სპორტის ყველა სახეობის ხელმძღვანელები შეეკრიბათ და ეს ამბავი გამოეცხადებინათ.

ამას თან დაერთო დიდთოვლობა, რის გამოც ბევრი მოედნის საფარი გაიყინა და სათამაშოდ უვარგისი გახდა. 10 მარტს 44 მატჩიდან 17 გადაიდო, რადგან მინდვრების ნაწილი წყლით იყო სავსე, ნაწილი – გაყინული.

ცხადია, მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. ასეთები იყვნენ რაგბის ლიგის საბჭოს თავმჯდომარე ჰიუზი, „ვესტ ჰემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე უილ სირნსი და სხვები…

თუმცა, მთავრობამ თავისი გაიტანა და შუა კვირაში ყველა სპორტული ღონისძიების გამართვა მაინც აკრძალა. შედეგად, საფეხბურთო სეზონი ინგლისში 14 ივნისამდე გაიწელა.

ამრიგად, 1946-47 წლების სეზონი, ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ინგლისურ ფეხბურთში. ის 31 აგვისტოდან 14 ივნისამდე გაგრძელდა. პირველი დივიზიონის  ბოლო, 44-ე ტურის შეხვედრები მაისის ბოლოს გაიმართა. მხოლოდ „შეფილდ იუნაიტედისა“ და „სტოკ სიტის“ მატჩი ჩატარდა 14 ივნისს.

ბოლო ტურში „ლივერპულმა“ 2:1 დაამარცხა „ვულვერჰემტონი“ და 57 ქულით პირველ ადგილზე დადგა. რჩებოდა ერთი და გადამწყვეტი თამაში: „სტოკ სიტის“ 55 ქულა მოეგროვებინა და მოგების შემთხვევაში ჩემპიონად მას გამოაცხადებდნენ, მაგრამ „შეფილდმა“ 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონი „ლივერპული“ გახდა. ეს მერსისაიდელთა მეხუთე საჩემპიონო ტიტული იყო.

როგორც ვთქვით, ის სეზონი 31 აგვისტოს დაიწყო და დამთავრდა 14 ივნისს, მიმდინარე სეზონი დაიწყო 9 აგვისტოს, ანუ 22 დღით ადრე, 14 ივნისს მინუს 22 დღე და გამოდის 23 მაისი…

ჰოდა, გამოდის მიმდინარე სეზონი ხანგრძლივობის რეკორდს დაამყარებს. დიდად გვეეჭვება პრემიერლიგა უახლოეს უქმეებზე განახლდეს, ცხადია, თუ საერთოდ განახლდა.

Liverpool Players Dominate UEFA Team Of The Year - The Liverpool ...