რა არ უნახავს ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს თავის სამწვრთნელო კარიერაში, მაგრამ არავის ისე არ გაუწვალებია, როგორც ფენომენს — რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას.

რონალდო და კაპელო ნახევარი წლით „რეალში” გადაიკვეთნენ. ეს მოხდა 2007 წლის იანვრამდე, სანამ ბრაზილიელი მადრიდს დატოვებდა და „მილანში” გადავიდოდა. „მარკა” წერს, რომ რამდენადაც უდავო იყო რონალდოს ნიჭი, იმდენად რთული აღმოჩნდა მისი მოთოკვა.

„სქაი სპორტთან” ინტერვიუში კაპელომ გაიხსენა: „ყველაზე დიდი ნიჭის ფეხბურთელი ვინც ოდესმე გამიწვრთნია უდავოდ რონალდო იყო. იმავდროულად ის იყო ადამიანი, რომელიც გუნდში ყველაზე მეტ პრობლემას მიქმნიდა. ქეიფობდა და რა ვიცი, რას არ აკეთებდა.

ერთხელ, რუუდ ვან ნისტელროიმ მითხრა, გასახდელი უკვე ალკოჰოლის სუნით ყარსო.

შემდეგ რონალდო „მილანში” გადავიდა და ჩვენ მოგება დავიწყეთ, მაგრამ თუ ნიჭზე მეკითხებით, მაშინ აქ ორი აზრი არ არსებობს, უდიდესი რონალდო იყო”.

საინტერესოა, რომ ფენომენის უდისციპლინობის მიუხედავად, მას და ფაბიო კაპელოს კონფლიქტი არ ჰქონიათ და დღესაც, თუკი ერთმანეთს სადმე შეხვდებიან, მეგობრულად ლაპარაკობენ.