„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში სჯობს, ვიდრე 6-ათასიან „იოჰან კრუიფზე“, რომელიც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ძირითადად „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდს ემსახურება. ეს სტადიონი შარშან აშენდა და იქვე არსებული „მინი ესტადი“ ჩაანაცვლა. კლუბის ხელმძღვანელობა დაეთანხმა კაპიტნებს, რადგან ლოჯისტიკურ ხარჯებში სხვაობა არც ისე დიდი აღმოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ მადრიდის „რეალი“ საშინაო მატჩებს „ალფრედო დი სტეფანოზე“ გამართავს. ტევადობა აქაც 6 ათასია და ისიც კლუბის ბაზაზე მდებარეობს. ამ სტადიონზე „რეალის“ სარეზერვო გუნდი 2006 წლიდან თამაშობს. ლოჯისტიკური ხარჯების გარდა, ეს გადაწყვეტილება იმითაც აიხსნა, რომ გაჭირდებოდა საშინაო მატჩებისას „სანტიაგო ბერნაბეუს“ ირგვლივ შეკრებილი ქომაგების კონტროლი.
არის ერთი ნიუანსიც: სეზონის მსვლელობისას სტადიონის შეცვლას ლა ლიგის გარდა უეფას დასტურიც სჭირდება. მადრიდელებს მყარი არგუმენტი აქვთ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, ბარსელონაში კი „კამპ ნოუს“ ტევადობის გაზრდის გეგმა ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
„ბარსელონას“ ისედაც გაუჭირდებოდა ლა ლიგის და უეფას დარწმუნება. „რეალს“ კი ისღა დარჩენია, „ალფრედო დი სტეფანოზე“ VAR სისტემა დაამონტაჟოს.