ბუნდესლიგა განახლდა და მთელი მსოფლიოს ყურადღებაც მისკენ არის მიპყრობილი. ხოლო პირველი შეხვედრა, რომელსაც ყველაზე მეტმა ხალხმა უყურა გახლდათ შაბათის მატჩი „დორტმუნდსა” და „შალკეს” შორის. ის მასპინძლებმა 4:0 მოიგეს.

სწორედ ამ შეხვედრაში იყო ეპიზოდი, რომელზეც კირკიტა ინგლისური პრესის გამო გერმანულმა მედიამაც გაამახვილა ყურადღება. რომ არა „დეილი მეილი”, გერმანელები მათ ჩემპიონატში მომხდარ ამ ამბავს ალბათ უბრალოდ გაატარებდნენ.

ლაპარაკია, 24-ე წუთზე მომხდარ შელაპარაკებაზე 20 წლის ჟან-კლაირ ტოდიბოსა და 19 წლის ერლინგ ჰოლანდს შორის. უფრო სწორედ, შელაპარაკება არც ყოფილა, რადგან, როგორც ფოტოდანაც ხედავთ, ტოდიბოს პასუხად ჰოლანდმა ფართოდ გაიღიმა და სულ ეს იყო.

ტოდიბო ფრანგი ცენტრალური მცველია, რომელიც „ბარსელონას” ეკუთვნის, მაგრამ იჯარით „შალკეში” თამაშობს, ჰოლანდი კი პოპულარული ნორვეგიელი ვარსკვლავბიჭუნაა, რომელზეც ბევრი იწერება და მისი შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ.

ამბავი კი ის არის, რომ „დეილი მეილმა” გამოაცხადა, უმაყურებლო სტადიონზე ნათქვამი სიტყვები ტელევიზორში კარგად ისმოდა და გავიგეთ ტოდიბომ ჰოლანდს ბებია როგორ შეაგინაო.

ეს ბებიის შეგინება რაღაა ვერ გეტყვით, მაგრამ გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ტელეკომპანიას, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა, ჩანაწერი გამოართვა და თავდაპირველ, საბაზისო სიგნალს ბევრჯერ მოუსმინა.

დასკვნა ასეთი გამოვიდა: ტოდიბოსა და ჰოლანდის ეპიზოდში ისმის ფრანგული სიტყვები და… ინგლისური გინება. თუმცა, თავად ბილწი სიტყვის შემდეგ ნათქვამის გარჩევა ძნელდება.

საბოლოოდ „შპორტ ბილდი” ასკვნის, ასე იყო თუ ისე, ჰოლანდს ლაზათიანად გაეღიმა და ინციდენტი ამით დასრულდაო.