„იუვენტუსის” ვეტერანმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ დაწერა ავტობიოგრაფია „მე, ჯორჯო”, რომლის ფრაგმენტებიც სხვადასხვა საიტებზე იბეჭდება და ხალხი მას მთელს მსოფლიოში დიდი სიამოვნებით კითხულობს.
ამჯერად მოგახსენებთ იმ ფრაგმენტზე, რომელიც ბოლოს დაიბეჭდა და არტურო ვიდალს ეხება. ჩილელი და კიელინი „ბებერ ქალბატონში” ერთად 2011-15 წლებში თამაშობდნენ. შემდეგ, ვიდალი „ბაიერნში” გადავიდა, სადაც 2018 წლამდე დაჰყო, 18-ში კი „ბარსელონას” მიაშურა.
„ხანდახან, არტურო ვიდალს სმაში მეტისმეტი მოსდიოდა, — წერს კიელინი, — ეს ამბავი არავისთვის საიდუმლო არ არის. ალკოჰოლი ვიდალის სუსტი წერტილია. წელიწადში რამდენჯერმე ის საერთოდ არ მოდიოდა ვარჯიშზე ან ჯერ კიდევ მთვრალი გამოცხადდებოდა ხოლმე. რას იზამ, ადამიანებს სისუსტე ახასიათებთ.
დღემდე მახსოვს, ერთხელ, ამერიკაში ვიყავით, შეკრებაზე. მაიამიდან გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში უნდა ჩაგვეტარებინა, წინა საღამოს კი გაგვათავისუფლეს. დილით არტურო არ გამოჩნდა. გაირკვა, რომ ლოგინიდან თავს ვერ წევდა და მისი სავარჯიშოდ მოყვანა ძალდატანებით მოუხდათ. 40 გრადუსი სიცხე იყო. ახალი ვარჯიში უნდა აგვეთვისებინა, ყველანი შავებში ჩაცმულები ვიდექით. გაბრაზებული მწვრთნელი, ანტონიო კონტე, მოუთმენლად ელოდა, როდის მოუყვანდნენ ვიდალს, რათა ის სამაგალითოდ დაესაჯა.
სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოხდა. კონტემ ვარჯიში 10 წუთში დაამთავრა, რადგან არტურო ისეთი მთვრალი იყო, რომ… ბურთს ვერ ხედავდა.
რა გინდა ასეთ დროს უთხრა ადამიანს, რომელსაც იმავდროულად გუნდში ხალისი შემოაქვს, არის ლიდერი, მებრძოლი და ბუნებით ჩემპიონი?”