ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს.
რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა.
გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ.
ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან.
მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩის ძეგლს ვანდალები ბოლოს თებერვალში დაესხნენ თავს. მაშინ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ საფეხბურთო საზოგადოებას მისი იტალიაში გადატანა შესთავაზა. იტალია რა შუაშია? იმაში, რომ ზლატანი ახლაც „მილანის” ფეხბურთელია, ადრე კი ჯერ „იუვენტუსში” (2004-06) თამაშობდა, შემდეგ „ინტერში” (2006-09), მერე კი „მილანში”, სადაც 2010-12 წლები გაატარა.
ამრიგად, იტალია, უპირატესად კი ქალაქი მილანი, შვედისთვის ახლობელი ქალაქია.
თუმცა, მალმიოს მუნიციპალიტეტმა მილანის მერს ძეგლი არ გაატანა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქში ის ხან წააქციეს, ხან შეღებეს და ხანაც უნიტაზის ხუფი ჩამოაცვეს, სურს, თავისთან ჰქონდეს.
თავად ზლატანი ვანდალებმა მაინცდამაინც ვერ გააბრაზეს. მან მათ საქციელს სამწუხარო და ბავშვური უწოდა. იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც მოკრძალებული ლაპარაკი არ სჩვევია, თქვა:
„ძეგლის ჩამოგდებით ჩემს ღვაწლს ვერავინ დააკნინებს. ის სამუდამოა!”