გაგრძელება დასაწყისი იხილეთ აქ
… დასავლეთის ტრიბუნაზე ვისხედით. ფეხბურთზე ძირითადად ჩემს კლასელ გიორგი ხანთაძესთან და მის უფროს ძმასთან მიშასთან ერთად დავდიოდი. ერთ ეზოში ვიზრდებოდით. მამაჩემი ჯემალა, გაზეთ „კომუნისტის“ განყოფილების რედაქტორი იყო, ამათი მამა გურამა ცეკაში მუშაობდა და ყოველ წელს ჰქონდათ დასავლეთის ტრიბუნაზე, სამთავრობო ლოჟასთან აბონიმენტები. დავითრევდით ამ ჩვენი შიშკა მამების აბონიმენტებს და მივდიოდით.
მართლა მაგარი ადგილი იყო, მაგრამ ახლა ადგილი და „ზაპადნი“ აღარ გვენაღვლებოდა, ძალიან ცუდად გვქონდა საქმე, მეორე ტაიმის დამთავრებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ვაგებდით და სიმწრის ცრემლები და თავსხმა წვიმა ერთმანეთში გვერეოდა. ჩემს გვერდით ერთი უზარმაზარი, მოხეული ბიძა იჯდა, პატარა ბიჭივით ცქმუტავდა, თავში ხელებს იშენდა და „დინამო“ „დინამოს“ ყვირილისგან ჩახლეჩილი ხმით, ქადაგივით განუწყვეტლივ იმეორებდა: „ბედი არა გვაქვს, წვიმა ამათ აწყობთ, იქ სულ წვიმს, მიჩვეულები არიან წვიმაში თამაშს, წვიმაში უფრო მაგრად თამაშობენ ეს ჩათლახები, ამათ ბედზე იწვიმა მაგის დედა ვატირეო!“ და ეგეთები, თუმცა ეგეთივე წვიმაში „დნეპრისთვის“ კი არა „ლივერპულისთვისა“ გვქონდა გადარბენილი და 3:0 მოგებული, მაგრამ ის სხვა დრო იყო. ახლა კი წვიმა კი არა ვაჟა ფშაველას „ძია ესტატეს“ კატისა არ იყოს „უნარი რომ არ გახლავსთ“ გვჭირდა. თან მართლა მაგრად წვიმდა და საშველიც არ ჩანდა.
და სადღაც 15 წუთი რომ აკლდა თამაშის დამთავრებას აი მაშინ დაიწყო… რაღაც უცნაური, მასიური ფსიქოზი დაიწყო. ჩამკვდარ და გულგატეხილ სტადიონზე, როდესაც ტრადიციულ საბრძოლო შეძახილ, „დინამო!“ „დინამოსაც“ კი აქა-იქ თუ ვინმე წამოიყვირებდა, არ მახსოვს რომელი ტრიბუნებიდან და საიდან, მაგრამ ჯერ კანტიკუნტად, მერე კი ერთხმად დაიწყო შეძახილები. უცებ მთელი სტადიონი ჭკუიდან შეიშალა, აგუგუნდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო…
„ვოვა!“ „ვოვა!“ „ვოვა!“ „ვოვა!“ გაჰყვიროდა რამდენიმე ათასი კაცი ერთხმად და უცებ მთელს სტადიონზე და საფეხბურთო მინდორზეც აშკარად რაღაცა შეიცვალა. „ვოვა!“ „ვოვა!“ „ვოვა!“ „ვოვა!“ ხმაური სულ უფრო ძლიერდებოდა… „ვოვაა!“ იღრიალა ჩემს გვერდით მჯდომმა მოხეულმა ბიძამ და კი არ დაიძახა, დაუძახა, როგორც ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოოზ გოსტაბაშვილში“, ყიზილბაშებისგან შევიწროვებული ქართველები ეძახიან საშველად, თავის ბებერ მეომარს ნიკოლოოზ გოსტაბაშვილს. და წვიმდა.
ეს გუგუნი რამდენიმე წუთით გაგრძელდა. სტადიონზე დაწყებული სტიქიური გრიალი თანდათან მატულობდა და რაღაც მუქარიანი, მრისხანე და თან წინასწარმეტყველურიც კი იყო.
„ვოვა!“… „ვოვა!“… „ვოვა!“… „ვოვა!“ გულშემატკივრებს თითქოს გულმა უგრძნოთ. ისინი თავის ლეგენდას ითხოვდნენ…
და სარბენ ბილიკზე ვოვა გუცაევი გამოჩნდა. ტრიბუნებმა ვულკანივით იფეთქეს. ისეთი იხუვლეს, როგორც ეს მხოლოდ გოლის გატანის დროს ხდება. თუმცა გოლი ჯერ არსად იყო. სარბენ ბილიკებზე ტანმორჩილი, ვეტერანი თავდამსხმელი, „დინამოს“ უკანსაკნელი დიდი გარემარბი იდგა და და საკუთარ, მშობლიურ სტადიონზე, ღვართქაფად წამოსული წვიმა ასველებდა. ახლაც თვალწინ მიდგას, ლურჯი ფორმა 13 ნომერი, აი ეგეთი, ციფრებში კიდევ შიგ ჩახაზული ზოლებით, ნეონების შუქით განათებული, თითქოს შევერცხლისფერებული ხუჭუჭი თმით…
ვოვა გუცაევი სტადიონზე შევიდა და ეგრევე აუტის ხაზთან მიიღო ბურთი. გუცაევის ბურთთან შეხება და სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დაწყებული სიგიჟე რაღაც უცნაურ მისტიკურ ტრანსში გადავიდა. მართლა წინასწარმეტყველურ ტრანსში. ალალად არც მისტიკის, არც ტრანსის, არც წინასწარმეტყველების, არც სხვა განზომილებების და არც უცხოპლანეტელების არაფერი მწამს, არც მჯერა, არც მაინტერესებს. ვნახავ მაგ სხვა განზომილებას ან უცხოპლანეტელს დავიჯერებ, მანამდე კარგად იყვნენ და ეს კიდევ ჩემი თვალით ვნახე 12 წლის ლაწირაკმა და აგერ 41 წლის ბებერს გუშინდელი დღესავით მახსოვს. და ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ათეულმა ათასმა თბილისელმა ნახა, რომლებმაც ისეთი ყიჟინა დასცეს როგორც კი გუცაევი ბურთს შეეხო რომ ჩემი თვალით დავინახე, სტადიონის პროჟექტორების შუქზე მბრწყინავი, მიჯრით, მკვრივად წამოსული წვიმის წვეთები, როგორ აბრუნდნენ უკან ცისკენ…
ვოვამ ბურთი წამოიღო და ფრთაზე გავარდა. ჩვენ ყველამ ვიგრძენით რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, რაღაც სასწაული. მთელი სტადიონი ფეხზე წამოვხტით და ისე ვღრიალებდით, რომ ნიაგარის ჩაჩქერის ხმისა არ იყოს ხმაური იყო თუ სიჩუმე ვეღარ გაარჩევდი, ყურები რომ გიგუბდება რა…
წამოიღო ბურთი და იქვე, ფრთაზე, ჯერ ერთ მცველს გასცდა, ფრთაზევე ფინტით წამოიკიდა მეორე მცველი, მკვეთრად შემობრუნდა მარცხნივ, „დნეპრის“ საჯარიმოსკენ მესამესაც აჭამა, მეოთხეს ფეხზე წამოედო და ზუსტად ისე ოხრულად გაცურდა მუცელზე, როგორც მაშინ, როცა ევროპის საფეხბურთო გრანდებს პენალტს აჰკიდებდა ხოლმე. ოღონდ ეს საჯარიმოს გარეთ იყო, ზედ ხაზთან მაგრამ გარეთ. სტადიონზე უწონადობა დაიწყო. ეს ამხელა, ჯადოსნური, ქართული და თბილისური სულით გაჟღენთილი, განათებული თასი ლამის იმ წვიმის წვეთებს აჰყვა ცაში.
ბურთთან ალქსანდრე ჩივაძე მივიდა.
იმ დღეს ჩივაძემ რამდენჯერმე დაარტყა ჯარიმა და ვერაფერი, იმის მიუხედავად რომ ალექსანდრე ჩივაძე მსოფლიოს იმ სამ ლიბეროს შორის არის ვისაც ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი, გერმანელ ფრანც ბეკენბაუერთან და არგენტინელ დანიელ პასარელასთან ერთად, მაგრამ აქ ყველამ ვიცოდით რომ გოლი გავიდოდა. ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენით, როცა ტრიბუნებმა, ჯერ კანტიკუნტად, მერე კი ერთხმად „ვოვა!“ „ვოვას!“ ძახილი დაიწყეს, მერე როცა ვოვა მოედანზე გამოვიდა, ბურთი მიიღო, ფრთაზე გავარდა და პირველი მცველი წამოიღო მატაობით.
ალექსანდრე ჩივაძე ბურთთან მივიდა, ხელში აიღო გაასწორა და დადო. და წვიმდა.
მე არ დამინახავს ბურთი როგორ გავიდა. მგონი არც არავის დაუნახავს, მათ შორის არც ალექსანდრე ჩივაძეს და ვოვა გუცაევს. ბოლოს რაც დავინახე ის იყო, მთელი საღამოს ომით გადაქანცული და ფეხებდაწყვეტილი ჩივაძე, ნელი სირბილით როგორ დაიძრა ბურთისკენ, თეთრ მაისურებში გამოწყობილი, ცოცხალ კედლად ჩამდგარი დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ ფეხბურთელები, სამხრეთის ტრიბუნებთან, აი სადაც „პაჟარნი კამანდა“ და სასწრაფო დგება, კარის კუთხე, მარჯვენა „კრესტავინა“, მსხვილი წვიმის წვეთები, ალექსანდრე ჩივაძის ზურგი, ლურჯი ფორმით და 3-იანით.
გოლი რომ გავიდა, იმითაც მივხვდი, რომ ჩემს გვერდით მჯდომმა სიხარულისგან გონზე გადასულმა მოხეულმა ბიძამ ხელი მტაცა და იმ სიმაღლეზე შემისროლა, ჩემს ქვევით ტრიბუნები დაპატარავდა.
მე არ მახსოვს დამიჭირა თუ არა იმ ბიძამ, დავეცი თუ გადავრჩი, მახსოვს რომ გავგიჟდი, მახსოვს რომ მთელი სტადიონი გადაირია, მახსოვს რომ რაღაც სასწაული მოხდა, რაღაც ამოუხსნელი და ეს მოხდა ამდენი ათასი ადამიანის თვალწინ.
ცოტა ხანში გაისმა საფინალო სასტვენის ხმა და თამაში დამთავრდა. მოედანს ტოვებდნენ დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ ფეხბურთელები, რომლებიც კიდევ ხუთ ტაიმს ითამაშებდნენ, არაქათგამოლეული ძველი გვარდიელები და ვოვა გუცაევი, რომელმაც თავისი დაბერებული და განახევრებული გუნდი დამარცხებისგან იხსნა და უცებ ტრიბუნებზე სულ რამდენიმე წუთის წინ აპოკალიფსურ ვულკანს რომ ჰგავდა, უცნაური, საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. არც „დინამო“… არც „ვოვა!“ არც ტაში, არაფერი!…სრული სიჩუმე!.. სტადიონი მიხვდა რომ დღესასწაული დამთავრდა. თვითონ ვოვა გუცაევიც თავჩაღუნული მოდიოდა. თავიც არ აუწევია ისე შევიდა გასახდელის გვირაბში.
და წვიმდა! წვიმდა ეგ ბოზიშვილი!
აი ეგ იყო მგონი ვლადიმერ გუცაევის ბოლო თამაში. მე მეტი მოედანზე აღარ მინახავს…
აი, რა გამახსენდა 2016 წლის 13 მაისს, 1981 წლის 13 მაისიდან 35 წლის შემდეგ.
ბექა ქურხული